კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

03 მაისი, 2017
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც წინანდალში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიას დეტალურად გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

"როგორც მოგეხსენებათ, კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ გადავწყვიტეთ მონეტარული პოლიტიკის სხდომები დედაქალაქის გარდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში ჩავატაროთ. ასეთი პირველი სხდომა გვქონდა ქუთაისში, დღეს კი კახეთში ვატარებთ. ასეთი შეხვედრები გვეხმარება ერთი მხრივ ადგილობრივ მედიასა და ბიზნეს საზოგადოებასთან ჩვენი გზავნილების უკეთესად მიტანით და მეორე მხრივ ვიღებთ ინფორმაციას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებისა და გამოწვევების შესახებ.

რაც შეეხება გადაწყვეტილებას, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღევანდელ, 2017 წლის 2 მაისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით 7.0 პროცენტამდე გაზრდის შესახებ.

ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას იღებს, იმის მიხედვით თუ რა არის მოსალოდნელი მომავალში ინფლაციის კუთხით. არსებული პროგნოზით ინფლაციის წლიური მაჩვენებელი, დროებითი ფაქტორების გამო 2017 წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა დარჩება, თუმცა ამ ფაქტორების ამოწურვის შედეგად, 2018 წელს იგი შემცირდება და 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით:

"ეროვნული ბანკის მიზანი არის ფასების სტაბილურობა, რაც თავის მხრივ, ნიშნავს საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის ახლოს შენარჩუნებას. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მიმდინარე ეტაპზე ან მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია შეიძლება გადახრილი იყოს სამიზნე მაჩვენებლიდან (როგორც ზრდის, ისე კლების მიმართულებით), მაგრამ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში ის დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს. ასეთი მიდგომით, რასაც ინფლაციის თარგეთირება ეწოდება, ფასების სტაბილურობა ყველაზე დაბალი საზოგადოებრივი დანახარჯებით მიიღწევა, ხოლო გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე მაღალი და სტაბილურია. რაც შეეხება ფასების სტაბილურობას, ეს მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და დასაქმებისთვის. თუ გვექნება საგარეო შოკი, შესაძლებელია გაცვლითი კურსი შეიცვალოს მაგრამ არ დაირღვეს ფასების სტაბილურობა, რაც იმას ნიშნავს რომ ქართველი მეწარმეები შეინარჩუნებენ კონკურენტუნარიანობას და დასაქმებასა და ეკონომიკას პრობლემები არ შეექმნება.

ასევე მინდა განვმარტო, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, ეს არის 3 პროცენტი საშუალოვადიან პერიოდში. იმის, გამო რომ შოკები მუდმივად ხდება ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან, ზოგჯერ იქნება უფრო მაღალი და ზოგჯერ უფრო დაბალი, თუმცა ის ყოველთვის დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის თარგეთი არის 3 პროცენტი ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას 0-3 პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს საშუალოვადიან პერიოდში. მას შემდეგ რაც ეროვნული ბანკი გადავიდა ინფლაციის თარგეთირებაზე, ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.4 პროცენტია.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით გაზრდა. სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საჭიროება არ იკვეთება. ასევე, ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად ნეიტრალურ დონემდე შემცირდება.

არსებული პროგნოზებით მოსალოდნელია, რომ ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მომდევნო თვეების განმავლობაში გაიზრდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში ჩვენ ველოდებით ფასების მატებას. იმის გამო, რომ შარშან იმავე პერიოდში ჩვენ გვქონდა ფასების შემცირება, წელს ფასების უცვლელობის პირობებშიც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მოიმატებს. ივნისის შემდეგ კი წლიური ინფლაცია კლებას დაიწყებს. ეროვნული ბანკის შეფასებით ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება და ინფლაცია 2018 წელს საშუალოდ 3 პროცენტთან ახლოს იქნება. მიმდინარე წელს სამომხმარებლო ფასებზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები კვლავ სუსტია, თუმცა, ეკონომიკური აქტივობა გაუმჯობესდა. წინასწარი შეფასებით, პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 5 პროცენტი შეადგინა. საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, გაუმჯობესდა საგარეო მოთხოვნა და შედეგად, ექსპორტიდან, მათ შორის ტურიზმიდან, მიღებული შემოსავლები სწრაფად იზრდება. ასევე, წინა წელთან შედარებით, მოიმატა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ.

როგორც ცნობილია, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში კურსი ცვალებადია. მეწარმეებმა და მოსახლეობამ რომ თავი დაიცვან კურსის მერყეობისაგან, მნიშვნელოვანია რომ სესხი ეროვნული ვალუტით გვქონდეს.

მსურს დავამატო, რომ მონეტარული პოლიტიკის გაზრდით მოიმატებს განაკვეთები ლარის მიმდინარე ანგარიშებზეც. ბანკების უმეტესობა თავიანთ კლიენტებს მიმდინარე ნაშთებზე სთავაზობენ მინიმუმ ეროვნული ბანკის სადეპოზიტო განაკვეთის (დღეისათვის 5.5 პროცენტი) ოდენობით საპროცენტო სარგებელს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბანკი არ გვთავაზობს ლარის მიმდინარე ნაშთებზე სარგებლის დარიცხვას, შესაძლებელია მივმართოთ სხვა კომერციულ ბანკს და ვისარგებლოთ ბანკებს შორის არსებული მძაფრი კონკურენციით", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ მედიის შეკითხვებს უპასუხა.


სხვა სიახლეები