კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

26 ივლისი, 2017
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც ბათუმში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიას დეტალურად გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

"როგორც მოგეხსნებათ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველი მეორე სხდომის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მართავს პრესკონფერენციას და ფართო საზოგადოებას გააცნობს კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2017 წლის 26 ივლისს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 7 პროცენტზე დატოვა. 2017 წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა შესაბამისობაშია არსებულ პროგნოზებთან, რომელთა მიხედვითაც, მიწოდების მხრიდან მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენით, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება. აქვე კიდევ ერთხელ მსურს მცირე განმარტება გავაკეთო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს წერტილოვანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკის განხორციელების დროს ყოველთვის ვუმიზნებთ საშუალოვადიან პერიოდში 3%-იან ინფლაციას. თუმცა იმის, გამო რომ შოკები მუდმივად ხდება ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან, ზოგჯერ იქნება უფრო მაღალი და სხვა დროს უფრო დაბალი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის თარგეთი არის 3% ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას 0-3%-მდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3%-თან ახლოს.

ივნისში  სამომხმარებლო ფასების ინდექსის წლიური ცვლილება 7.1% იყო, საიდანაც თამბაქოს პროდუქტებისა და საწვავის წვლილი 2.6 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ინფლაციის მაჩვენებლის აღნიშნული ზრდა დროებითია; პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია წლის მეორე ნახევრიდან შემცირებას დაიწყებს და, ერთჯერადი ფაქტორების გავლენის ამოწურვასთან ერთად, მომავალი წლის დასაწყისში 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება. დამატებითი შოკების არარსებობის შემთხვევაში, საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე შემცირება.

2017 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდის ინდიკატორები მოსალოდნელზე უფრო მაღალ ზრდაზე მიუთითებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო სექტორის გაუმჯობესება, რაც აისახება როგორც საქონლისა და მომსახურების (ტურიზმი) ექსპორტის, ასევე ფულადი გზავნილების მაღალი ტემპით ზრდაში. საგარეო შემოდინებების მატებასთან ერთად იზრდება მოხმარებაც, რაც ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. მიუხედავად აღნიშნულისა, შიდა მოთხოვნა და მთლიანად ეკონომიკური აქტივობა ჯერჯერობით პოტენციურ დონეზე ქვემოთ ნარჩუნდება და, შესაბამისად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციაზე ზეწოლის რისკებს არ ქმნის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ მედიის შეკითხვებს უპასუხა.

სხვა სიახლეები