კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

კობა გვენეტაძის პრესკონფერენცია

02 მაისი, 2018
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომის დასრულების შემდეგ, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიას დეტალურად გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.

"როგორც მოგეხსნებათ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველი მეორე სხდომის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მართავს პრესკონფერენციას და ფართო საზოგადოებას აცნობს მიღებულ გადაწყვეტილებას. დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი უცვლელად დატოვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალებასთან ერთად, 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და მარტში 2.8 პროცენტი შეადგინა და პრაქტიკულად მიზნობრივ დონეზეა. აქვე კიდევ ერთხელ მსურს მცირე განმარტება გავაკეთო ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს წერტილოვანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკის განხორციელების დროს ყოველთვის ვუმიზნებთ 3
პროცენტიან ინფლაციას საშუალოვადიან პერიოდში. თუმცა, იმის, გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან, ზოგჯერ იქნება უფრო მაღალი და სხვა დროს უფრო დაბალი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი არის 3 პროცენტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას 0-დან 3 პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს.

არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივ დონესთან (3 პროცენტი) ახლოს შენარჩუნდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება და, ამდენად, შემცირების მიმართულებით მოქმედებს ინფლაციის მაჩვენებელზე, საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე გამოვლენილი ბოლო პერიოდის მერყეობის ფონზე, გაიზარდა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ინფლაციის გადმოცემის რისკები.

აღნიშნულის გათვა
ლისწინებით, ამ ეტაპზე, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება. პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილების დაწყებას კომიტეტი ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორების საკმარისად შესუსტების შემდეგ განიხილავს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ, ბოლო პერიოდების დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტამდე გაზარდა. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობის ზრდის მაღალი ტემპები 2018 წლის დასაწყისშიც შენარჩუნდა. წინასწარი შეფასებით, მარტში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ წლიურად 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში ჯამურად 5.2 პროცენტი იყო, რაც წინა პროგნოზებს აღემატებოდა. ეს მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საგარეო სექტორის პოზიტიურ ტენდენციებს. 2018 წლის პირველ კვარტალში კვლავ მაღალი ტემპებით გაიზარდა საქონლის ექსპორტი და ტურისტული შემოსავლები. შენარჩუნდა ფულადი გზავნილების დადებითი დინამიკაც. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, იმპორტის ზრდის ტემპი მაღალია”,  - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

პრესკონფერენციაზე კობა გვენეტაძემ მედიის შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის მიმდინარე და დაგეგმილ რეგულაციებს, რომელთან დაკავშირებითაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცელი განმარტება გააკეთა:

"რეგულაციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია ფინანსურ სექტორთან საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ შარშან, დეკემბრის დასაწყისში, ძალაში შევიდა კაპიტალის მოთხოვნები გარკვეული ტიპის სესხებზე, რომლებიც გაცემული იყო შემოსავლების შეფასებისა და მსესხებლების გადამხდელუნარიანობის შესწავლის გარეშე და ასეთ სესხებზე ბანკებს უფრო მაღალი კაპიტალის მოთხოვნები დაუწესდათ. როდესაც ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია სექტორთან და განვიხილავთ ამ საკითხებს, აუცილებლად ვაანალიზებთ სიტუაციას. ჩვენ ვახორციელებთ პოლიტიკის ზომებს თანმიმდევრულად და დროში განაწილებულად. ყველა მიღებული გადაწყვეტილება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნება.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, სამომხმარებლო სესხების მნიშვნელოვანი ნაწილი მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შესწავლის გარეშე გაიცემა. საკმაოდ გაიზარდა მათი გაცემები და ფინანსურმა ინსტიტუტებმა საკმაოდ მაღალი მადა გამოავლინეს ამის მიმართ. აქედან გამომდინარე, არსებობდა იმის რისკი, რომ მანამდე, სანამ დაგეგმილი რეგულაციები შევიდოდა ძალაში, ეს პორტფელი, რომელიც ისევ და ისევ ეხება გადამხდელუნარიანობის შესწავლის გარეშე გაცემულ სესხებს, საკმაოდ გაიზრდებოდა. აქედან გამომდინარე, როგორც დამატებითი ღონისძიება, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 7 მაისიდან გარკვეულწილად ლიმიტი დავუწესოთ კომერციულ ბანკებს ასეთ სესხებთან დაკავშირებით. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი სესხების გაცემა მთლიანად შეჩერდება. არის რამდენიმე ბანკი, რომელსაც ლიმიტი მიღწეული აქვს, მაგრამ არიან ისეთებიც, რომელთაც ლიმიტისთვის ჯერ არ მიუღწევიათ. მათ შეუძლიათ გასცენ ასეთი სესხები. აქ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა უნდა გააკეთონ ის, რასაც ადრე აკეთებდნენ - შეისწავლონ მსესხებლის გადამხდელუნარიანობა".

ეკონომიკის ჩრდილოვანი სექტორის ფორმალურ სექტორში შესაძლო გადანაცვლებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა:

"ჩრდილოვანი ბაზარი ყოველთვის არსებობდა და ახლაც არსებობს, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ სესხებზე მოთხოვნის შავ ბაზარზე გადაინაცვლების რისკი დიდია. მოგეხსენებათ, რომ ზოგადად, მსგავსი სესხები საკმაოდ დიდ რეკლამას, შეიძლება ითქვას, საკმაოდ აგრესიულ რეკლამასაც საჭიროებს და ამ ზომაზე გასვლა ბანკების გარეშე ძნელი იქნება. ასე რომ, არ ვფიქრობთ, რომ ამის გადადინების დიდი რისკებია. ძირითადი პრობლემური სესხები დაახლოებით 2,500 ლარამდე გაცემული სესხებია. ეს არის ის სესხები, რომლებიც დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზეა გაცემული. ამავე დროს, თანხობრივ რაოდენობაში ეს დიდი არ არის და არ ქმნის პრობლემას ფინანსური სტაბილურობისთვის. მსესხებლების რაოდენობა კი დიდია და ზრდას განაგრძობს. ის ხალხი, რომელიც ვერ ახერხებს ამ სესხის გადახდას, იღებენ უარყოფით სტატუსს საკრედიტო ბიუროში და ამ შემთხვევაში შავი ბაზრიდანაც კი გაცილებით უფრო მაღალ პროცენტში აიღებენ სესხს. მნიშვნელოვანია, რომ ამ უარყოფით სტატუსამდე არ მოხდეს მისვლა".

"კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ დაანონსებული რეგულაციები (მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების გარეშე სესხების გაცემის სრული შეზღუდვა ყველა ფინანსური ორგანიზაციისათვის) 7 მაისს არ ამოქმედდება, ის ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია სექტორთან და მისი მიღება ამ წლის განმავლობაში იგეგმება. ამ რეგულაციებით ჩვენ გვსურს მივიდეთ იქამდე, რომ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე სესხების აღება არ მოხდეს. ამას ჩვენ გვავალდებულებს ევროდირექტივა, რომელიც არის ძალიან ჯანსაღი დირექტივა და, ზოგადად, ჯანსაღი მიდგომა ფინანსურ ურთიერთობებთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს და სხვადასხვა კატეგორიებს, ასეთი კატეგორიის მსესხებლების გადახდისუნარიანობის შეფასება და დადასტურება ადრეც ხდებოდა. მაგრამ იმის გამო, რომ ტექნოლოგიურად ადვილი გახდა სესხის აღება ამ ბაზარზე მაღალი კონკურენციისა და არსებული აგრესიული მარკეტინგის გამო, რაც აჩვენებს, რომ ეს ბაზარი საკმაოდ აქტიური, დინამიური და, ამავე დროს, აგრესიულიცაა, უნდა მოხდეს თვითდასაქმებულების გადახდისუნარიანობის შეფასება. ეს არის ის, რასაც ბანკები აკეთებდნენ და დღესაც აკეთებენ, მაგრამ გაცილებით ნაკლებად. მსესხებელი, რომლის გადახდისუნარიანობა შემოწმდება, შეძლებს უფრო დაბალპროცენტიანი სესხის მიღებას, ვიდრე სხვა შემთხვევაში. სარგებელი იქნება ორივე მხრიდან, ანუ, ბანკსაც აღარ ექნება ის რისკი, რომ შეიძლება მოხდეს დადეფოლტება და მსესხებელსაც აღარ ექნება იმის რისკი, რომ იმის გამო რომ მან გადახდისუნარიანობის შემოწმების გარეშე მიიღო სესხი, მაღალ პროცენტად, ის ამ სესხს ვერ მოემსახურება, რომ მას უარყოფითი სტატუსი აღარ ექნება კრედიტინფოში და მომავალში  აღარ მოუწევს იგივე შავ ბაზარზე წასვლა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.



სხვა სიახლეები