მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც მედიის წარმომადგენლებს გააცნო ის ფაქტორები, რამაც განაპირობა კომიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება.
დასაწყისში კობა გვენეტაძე მედიის წარმომადგენლებს 2018 წლის "ფინანსური ჩართულობის გლობალურ დაჯილდოებაზე" (Global Inclusion Awards), "ქვეყნის ჯილდოს" კატეგორიაში საქართველოს ეროვნული ბანკის გამარჯვებაზე ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ ამავე კატეგორიაში დასახელებული იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო.
"ქვეყნის ჯილდოს ნომინაციაში საქართველოს წარდგენა განაპირობა ეროვნული ბანკის მიერ 2017 წელს მოსახლეობის, მათ შორის ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების მიმართულებით გადადგმულმა არაერთმა მნიშვნელოვანმა ნაბიჯმა. შარშანაც იყო საქართველო დასახელებული იმავე ნომინაციაში, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება აფასებს ეროვნული ბანკი აქტიურობას მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების მიმართულებით. შარშან ამ კატეგორიაში რუმინეთმა გაიმარჯვა, წელს ნომინანტთა შორის საქართველოსთან ერთად დასახელებული იყო რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროც. საბოლოოდ კი აღნიშნული ჯილდო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენთვის, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და ეს არის სტიმული სამომავლოდ უფრო აქტიური მოქმედებებისათვის. შეგახსენებთ, რომ 2018 წელი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების წლად გამოაცხადა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პრესკონფერენცია მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე საუბრით განაგრძო და მედიას დეტალურად გააცნო ბოლოდროინდელი მაკროეკონომიკური ტენდენციები.
"როგორც მოგეხსნებათ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველი მეორე სხდომის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მართავს პრესკონფერენციას და ფართო საზოგადოებას გააცნობს კომიტეტზე მიღებულ გადაწყვეტილებას. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2018 წლის 25 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება იმაზე უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი. დღევანდელი შემცირების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტს შეადგენს. 2018 წლის დასაწყისში ინფლაციის მაჩვენებელი შემცირდა და, პროგნოზების შესაბამისად, წლის პირველ ნახევარში მიზნობრივი დონის - 3 პროცენტის - ფარგლებში ნარჩუნდება. ივნისში წლიურმა ინფლაციამ 2.2 პროცენტი შეადგინა, რაც ახლოს არის მიზნობრივ მაჩვენებელთან. ჩვენ გვაქვს წერტილოვანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკის განხორციელების დროს ყოველთვის ვუმიზნებთ საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტიან ინფლაციას. თუმცა იმის გამო, რომ შოკები მუდმივად ხდება, ინფლაცია ყოველთვის განსხვავებული იქნება მიზნობრივი დონისგან, ზოგჯერ იქნება უფრო მაღალი და სხვა დროს უფრო დაბალი. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ინფლაციის თარგეთი არის 3 პროცენტი, ჩვენ არ ვგულისხმობთ ინფლაციას 0-3 პროცენტამდე, არამედ ვგულისხმობთ ინფლაციას 3 პროცენტთან ახლოს.
არსებული პროგნოზებით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლის მახლობლად იმერყევებს. წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნა წინა პროგნოზთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპებით უახლოვდება პოტენციურ დონეს. შესაბამისად, შერბილდა ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციის შემცირების წნეხი. თუმცა, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე სწრაფი გამყარების შედეგად, ინფლაციური ზეწოლა შემცირებულია. ასევე შესუსტებულია ინფლაციის პროგნოზზე ზრდის მიმართულებით მოქმედი რისკები.
2018 წლის პირველ ნახევარში გამოვლენილი დადებითი ტენდენციების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5 პროცენტამდე გაზარდა. კერძოდ, ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის პირველ ხუთ თვეში რეალურმა ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა, რაც პროგნოზირებულზე მაღალია, ძირითადად, მოსალოდნელზე ძლიერი საგარეო მოთხოვნის ფონზე. ფულადი გზავნილებისა და სესხების ზრდა ხელს უწყობს შიდა მოთხოვნის გაუმჯობესებასაც.
მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შესარბილებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტით მოზიდულ მოკლევადიან (ერთ წლამდე ნარჩენი ვადიანობის) სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 20-დან 25 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
პრესკონფერენციაზე ეროვნული ბანკის პრეზედენტმა მედიის შეკითხვებს უპასუხა.