კობა გვენეტაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

კობა გვენეტაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

10 ოქტომბერი, 2018

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო. საქართველო, როგორც საპატიო სტუმარი ქვეყანა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარადგინა.

კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის - საქართველოს პავილიონის გახსნაში. აქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის საჩუქრად გადასცა საკოლექციო  ვერცხლის მონეტა, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობისთვის გამოუშვა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვხმაურებოდით ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან მოვლენას და ქართული წიგნის თემაზე 5 ლარის ნომინალის საკოლექციო მონეტა გამოვუშვით. მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი შევხვედროდი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და მისთვის გადამეცა ჩვენი საკოლექციო მონეტა, ასევე გამეცნო მონეტის დიზაინის შინაარსი. ვფიქრობ, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანია იყოს წარმოდგენილი მსგავს პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებებზე და ფართოდ წარმოაჩინოს უძველესი და მდიდარი ქართული კულტურა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, დაათვალიერა საგამოფენო სივრცე და დაესწრო ქართველი პიანისტის ხატია ბუნიათიშვილის კონცერტს, რომელიც სპეციალურად საქართველოს პავილიონის სტუმრებისთვის გაიმართა. პავილიონის მთავარი კონცეფცია ეფუძნება 33 ქართულ სიმბოლოს - "ანბანით მოთხრობილ საქართველოს" და მიზნად ისახავს დამთვალიერებელმა მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია, როგორც თანამედროვე საქართველოს, ასევე მისი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, საქართველოს დელეგაციის წევრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. 
 
 

სხვა სიახლეები