კობა გვენეტაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა სრულიად პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს

კობა გვენეტაძე: საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა სრულიად პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს

29 ივნისი, 2018
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებასა და სსფ-ის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცებასთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის მიმოხილვაზე, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული ბანკის მონეტარული და ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკას.  

"როგორც მიმოხილვაშია აღნიშული, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა სრულიად პასუხობს მიმდინარე გამოწვევებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ გატარებული მონეტარული პოლიტიკა არსებული მდგომარეობის შესაბამისია. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძოს ფასებზე მოქმედ ფაქტორებზე, ასევე როგორც ადგილობრივ ფინანსურ და მონეტარულ პირობებზე, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება. მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში ინფლაცია შენარჩუნდება მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკა არის სწორად ორიენტირებული ფასების სტაბილურობაზე: ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, წარმატებით ემსახურება საქართველოს. არსებითია მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნება და საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს გაცვლითი კურსის მოქნილობის მხარდაჭერას. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვაშიც არის აღნიშნული, მიზანშეწონილია, რომ სავალუტო ინტერვენციები კვლავ მიმართული იყოს საერთაშორისო რეზერვების შევსებისა და გაცვლითი კურსის გადაჭარბებული რყევების შემცირებისკენ.

მნიშვნელოვანია ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის შემდგომი გაძლიერება. მიმოხილვაში ხაზგასმულია, რომ ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი წარმატებით ეხმარება საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციური გარემოს მართვაში, განსაკუთრებით მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს გაუმჯობესების, აქტიური კომუნიკაციისა და ეროვნული ბანკისადმი ნდობის ზრდის ფონზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2016 წლის დასკვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაატარა სამუშაოები მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ჩარჩოს დახვეწისა და ლიკვიდობის მართვის გაუმჯობესებისთვის. კერძოდ, ამოქმედდა მონეტარული პოლიტიკის დამატებითი ინსტრუმენტები, გაძლიერდა კომუნიკაცია რეგულარული პრესკონფერენციებისა და რეგიონებში ბიზნესის წარმომადგენლებთან პერიოდული შეხვედრების პრაქტიკის დანერგვით.  

საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ გამოწვევად კვლავ დოლარიზაციის მაღალი დონე რჩება. დოლარიზაცია ზრდის ქვეყნის მოწყვლადობას საგარეო რისკების მიმართ და აფერხებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას. დე-დოლარიზაციის მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა განსაკუთრებით 2017 წლის დასაწყისიდან. აღნიშნული ღონისძიებები ხორციელდებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2016 წლის "შეთანხმების მეოთხე მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციების" ფარგლებში გაწეული რეკომენდაციების გათვალისწინებით. გატარებული ღონისძიებების შედეგად დოლარიზაციის მაჩვენებლები საგრძნობლად შემცირდა.

რაც შეეხება ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკას, საერტაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გატარებულ ღონისძიებებს. გაუმჯობესდა საზედამხედველო ჩარჩო. კერძოდ, ბაზელ III სტანდარტების შესაბამისად შემოღებულ იქნა კაპიტალის ადეკვატურობის და ლიკვიდობის მოთხოვნების ახალი ნორმები, რომელიც უფრო რისკებზე ორიენტირებულია და ხელს უწყობს ფინანსური სისტემის ეფექტიანობის ზრდას. ამავე დროს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიესალმება ეროვნული ბანკის მიერ ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის ზრდის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე მიესალმება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის გაფართოებას არასაბანკო სექტორზე, რაც საშუალებას იძლევა ეროვნული ბანკის  მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეგულაციები და საზედამხედველო მოთხოვნები გავრცელდეს საფინანსო სექტორის მომხარებელთა უფრო ფართო არეალზე. ეს ხელს შეუწყობს ერთი მხრივ, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას და მეორე მხრივ, მომხმარებელთა დაცვას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული ბანკის პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს შემოღებას. საერთაშორისო სვალუტო ფონდი სრულად იზიარებს ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ ამ ჩარჩოს ფარგლებში შემოღებული პრუდენციული ღონისძიებები შეამცირებს შინამურნეობების მზარდ საკრედიტო დავალიანებასთან დაკავშირებულ რისკებს. კერძოდ, უკვე ძალაშია სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტები კაპიტალის მოთხოვნების კონტექსტში, ხოლო 2019 წლიდან განისაზღვრება სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების მაქსიმალური ლიმიტების ეფექტურად გავრცელება არასაბანკო სექტორზეც.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე აღნიშნავს, რომ მიუხედავად საბანკო სექტორის მდგრადობის მაღალი დონისა რომელიც გამოვლინდა ჯერ 2008 წლის, ხოლო შემდგომ 2014-2015 წლების საგარეო შოკის პირობებში, საჭიროა კრიზისის მართვის ჩარჩოს შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა არაერთი ღონისძიება გაატარა და აქტიურად მუშაობს FSAP-ის რეკომენდაციების  სრულად დასანერგად.

საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის საერთაშორისო სავალუტო ფონდს გაწეული მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისთვის და კვლავაც გააგრძელებს აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სხვა სიახლეები