კობა გვენეტაძე მოლდოვის ცენტრალური ბანკის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

კობა გვენეტაძე მოლდოვის ცენტრალური ბანკის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

04 ივნისი, 2021

4 ივნისს, მოლდოვის ეროვნულმა ბანკმა, დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოლდოვის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - პოსტპანდემიური ეკონომიკური გაჯანსაღება: რეალობა და პერსპექტივა - გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენციაზე კობა გვენეტაძემ ვრცლად ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც, პოსტპანდემიურ პერიოდში, ცენტრალური ბანკები აღმოჩნდნენ. კობა გვენეტაძემ მიმოიხილა ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად, გაატარა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო ლიკვიდობის რისკების თავიდან აცილების მიზნით დროებითი ინსტრუმენტების ამოქმედება. ასევე, შემუშავდა დროებითი საზედამხედველო გეგმა, რომელიც სხვა ღონისძიებებთან ერთად გულისხმობს კაპიტალის ბუფერების გამოყენებას. პრეზიდენტმა აქვე აღნიშნა, რომ სხვადასხვა გამოწვევებთან გამკლავების პარალელურად, ცენტრალური ბანკები მეტად ფრთხილად უნდა მიუდგნენ განხორციელებული დროებითი ღონისძიებების ეტაპობრივი მოხსნის საკითხს. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა საბანკო ტექნოლოგიების უფრო მეტად განვითარებისა და სერვისების გაციფრულების მნიშვნელობაზე, რაც საბანკო მომსახურების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. როგორც კობა გვენეტაძემ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურადაა ჩართული ისეთ პროექტებში, რომელთა დანერგვაც გააუმჯობესებს საბანკო ტექნოლოგიებს, მაგალითად, - ღია ბანკინგი, სწრაფი გადახდები და ციფრული ლარის პროექტები.


სესიაში, რომელიც მთლიანად დაეთმო ცენტრალური ბანკების როლს პოსტ-პანდემიური გაჯანსაღების პროცესში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობდნენ მოლდოვის, რუმინეთის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლიეტუვის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები.


კონფერენციას, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, საერთაშორისო ორგანიზაციების, ცენტრალური ბანკების, ადგილობრივი ბიზნესის და კომერციული ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის მხარდაჭერის, ცენტრალური ბანკებისა და ზოგადად, საბანკო სისტემის როლის შესახებ.


აღსანიშნავია, რომ მოლდოვისა და საქართველოს ეროვნულ ბანკს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. 10 წლის წინ ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, მოლდოვის ეროვნული ბანკის თანამშრომლები ხშირად გადიან კონსულტაციებს საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებთან.

 

 

 

სხვა სიახლეები