კობა გვენეტაძე ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
01 მაისი, 2018
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია.
ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში კობა გვენეტაძემ სტუდენტებს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციები გააცნო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა და სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.
"მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომების ფარგლებში ჩვენ ვცდილობთ ერთი შეხვედრა აუცილებლად გავმართოთ სტუდენტებთან. ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ქვეყნის მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე და ეროვნული ბანკის როლზე ამ პროცესში. ჩვენთვის ყოველთვის საინტერესოა სტუდენტებთან შეხვედრა, რადგან ეს არის თაობა, რომელთა აზრი მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ, რა ხედვები აქვთ ზოგადად ეკონომიკისა და იმ პოლიტიკის შესახებ, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ატარებს. ვფიქრობ, ამ კუთხით ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან შესაძლებლობა გვქონდა ღიად გვესაუბრა ყველა იმ თემაზე, რაც მათ აინტერესებთ", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კობა გვენეტაძემ.