კობა გვენეტაძემ ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

კობა გვენეტაძემ ფინანსური ტექნოლოგიების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

29 იანვარი, 2019
28-29 იანვარს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, ვენაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში - "ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობებისა და რისკების დაბალანსება" მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული კონფერენციის ჩატარება 2018 წელს ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაზე დაიგეგმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსა და ავსტრიის ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მონაწილეობას იღებდნენ ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის წევრი ქვეყნების, ევროპის ცენტრალური ბანკების, ფინანსთა სამინისტროებისა და კერძო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს ფინანსური ტექნოლოგიების შესახებ საქართველოს გამოცდილება გაუზიარა. მან ვრცლად ისაუბრა ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით საქართველოში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო კრიპტო ვალუტებისთვის ერთგვარი ჰაბი ხდება და ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი ზრდა ქვეყანაში ეროვნული ბანკის მხრიდან ახალ მიდგომებს და უსაფრთხო და მდგრადი ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას საჭიროებს. კობა გვენეტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება გაამარტივებს ფინანსურ ტრანზაქციებს, ხელს შეუწყობს კონკურენციის გაღრმავებას და, ამავე დროს, შეამცირებს თაღლითურ აქტივობებსა და ფულის გათეთრების შემთხვევებს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ უპირატესობებზე, შესაძლებლობებსა და რისკებზე, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენებამ შეიძლება წარმოშვას. ფინანსურ ტექნოლოგიების განვითარებას მხოლოდ ერთი რომელიმე ორგანიზაცია ვერ შეძლებს და ამ მიმართულებით აუცილებელია სხვადასხვა მონაწილის ჩართვა და კერძო სექტორთან თანამშრომლობა.  

კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული გამოცდილება და იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ცენტრალური ბანკების როლი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში, ფინანსური ტექნოლოგიების პერსპექტივები, ფინანსური ჩართულობა, განვითარება, განათლება და ინკლუზიური ზრდა.
სხვა სიახლეები