კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალი რანგის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
წლევანდელი კონფერენციის მთავარი თემა იყო - კანონის უზენაესობა ევროკავშირში: არსებული მდგომარეობა და მისი გავლენა კანდიდატ და მეზობელ ქვეყნებზე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ კონფერენციის მონაწილეებს, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს საფინანსო სექტორში კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვის გამოცდილება გაუზიარა.
"სამართლებრივი სიცხადე, რომელიც კანონის უზენაესობის ამოსავალი წერტილია, ფინანსური სისტემის გამართულად ფუნქციონირების წინაპირობაა. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ევროპის ცენტრალური ბანკის მიდგომა, რომელიც სამართლებრივი სიცხადის მნიშვნელოვნებას უსვამს ხაზს. ის კანონის უზენაესობის შემადგენელი ფუნდამენტური ნაწილია, რომელიც ადამიანებს აძლევს იმის გარანტიას, რომ შეძლონ თავიანთი ქმედებების დაგეგმვა, მათი მოსალოდნელი იურიდიული შედეგების გათვლა და კანონის საფუძველზე სარწმუნო მოლოდინების ჩამოყალიბება - სწორედ ეს გახლავთ ეკონომიკური სტაბილურობის წინაპირობა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.