კობა გვენეტაძემ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
24 აპრილი, 2018
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ აღმასრულებელ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში იმართება და მასში მონაწილეობენ მსოფლოს სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის, საფინანსო და მარეგულირებელი სექტორების მმართველები. ღონისძიების ასამდე მონაწილეს კობა გვენეტაძემ პრეზენტაცია წარუდგინა, თემაზე - "არაკონვენციური მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის გავლენა განვითარებადი ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკაზე".
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა დედოლარიზაციის ღონისძიებების, მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნებისა და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, "განვითარებული ცენტრალური ბანკების და განსაკუთრებით აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გამოსვლა შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან სხვადასხვა არხებით გადაეცემა განვითარებად ქვეყნებს, რასაც მაღალი დოლარიზაციის მქონე ეკონომიკებისთვის, არაერთგვაროვანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. ერთი მხრივ, აშშ დოლარის გამყარება ზრდის ამ ქვეყნების კონკურენტუნარიანობას და დადებითად მოქმედებს მათ სავაჭრო და მიმდინარე ანგარიშის ბალანსებზე, თუმცა, მეორე მხრივ, მაღალი დოლარიზაციის გამო, დოლარის გამყარება ზრდის ვალის მომსახურების ღირებულებას ამ ქვეყნებში, რითაც უარყოფით გავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე".
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ასეთ დროს ცენტრალური ბანკების მიერ მცურავი გაცვლითი კურსის შენარჩუნებას და ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მნიშვნელობას, რაც ამგვარ შოკებთან ბრძოლის საუკეთესო გზას წარმოადგენს მოკლევადიან პერიოდში. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერიოდში დედოლარიზაციის ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს განვითარებული ცენტრალური ბანკების მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის შესაძლო უარყოფით ზეგავლენას საქართველოს მსგავს ქვეყნებზე.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს 18 აპრილს ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კობა გვენეტაძემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან სირილ მიულერთან. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა ევროკომისიის დელეგაციასთან, შეხვდა ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატარინა მატერნოვას. სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს მერსედეს ვერა-მარტინს და მისიის სხვა წევრებს. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის და აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლებთან, რომლებზეც ეროვნული ბანკისთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის ფარგლებში დაგეგმილი საკითხები განიხილეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრები ყოველწლიურად იმართება, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე საფინანსო წრეების წარმომადგენლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან. შეხვედრებისას განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევას, ეკონომიკის განვითარებასა და დახმარების ეფექტურობას.