კობა გვენეტაძემ კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმებზე EBRD-ის ფორუმზე ისაუბრა
1-2 ივლისს, გაიმართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიური შეხვედრა და ბიზნეს ფორუმი. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მიიწვია სპიკერად სესიაზე, რომელიც კაპიტალის ბაზრების განვითარების საკითხებს დაეთმო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, სესიაში მონაწილეობდნენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანმარი სტრაატჰოფი (Annemarie Straathof ) და ვარშავის საფონდო ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი მარეკ დიტლი (Marek Dietl).
"ფინანსური განათლება ბაზრის განვითარების აუცილებელი წინაპირობა და ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ბაზრების, ინსტრუმენტების და ფინანსების მართვის სათანადო ცოდნა აუცილებელია როგორც ინვესტორის, ისე ემიტენტის მხარისათვის. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ფინანსური ბაზრების განვითარებისთვის", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.