ეროვნულ ბანკში ჟურნალ Forbes Georgia-ს ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა
10 ივნისი, 2014
10 ივნისს, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ჟურნალმა Forbes Georgia-მ, Ernst&Young-თან ერთად საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვა და კომერციული ბანკების რეიტინგები წარადგინა.
ჟურნალ Forbes Georgia-ს საქართველოს კომერციული ბანკების რეიტინგში "საქართველოს ბანკი" ლიდერობს. როგორც ჟურნალისტებს Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა, გუგა სულხანიშვილმა განუცხადა, კვლევა ოთხი პარამეტრით ჩატარდა. კერძოდ - სრული აქტივები, მოზიდული დეპოზიტები, კაპიტალი და გაცემული სესხები.
ექსკლუზიური მასალა მომზადებულია Ernst&Young საქართველოსა და Forbes Georgia-ს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკთან თანამშრომლობით, ეროვნული ბანკის მასალებსა და სტატისტიკურ მონაცემებზე, ასევე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საჯარო სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ქართული საბანკო სექტორის შესახებ შეფასება გააკეთა:
„ეს არის პერიოდი, როდესაც ჯამდება გასული წელი საბანკო სექტორში. ჟურნალ „ფორბსთან“ ერთად ეროვნული ბანკის მხარდაჭერით მოხდა 2013 წლის შეფასება. ეს არის გარე თვალით დანახული 2013 წელი. ხოლო ეროვნული ბანკის მიერ გასული წლის შეფასება მოხდება საქართველოს პარლამენტში, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონმდებლობით. ერთი რამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ 2013 წელი არის კიდევ ერთი წარმატებული წელი საბანკო სექტორისთვის. ზოგადად მე არაერთხელ მითქვამს, რომ საბანკო სექტორი არის ლოკომოტივი ეკონომიკისა და ქართული ბიზნესის განვითარების. როცა დღეს ვსაუბრობთ საბანკო სექტორზე ჩვენ აღარ გვიწევს საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა - სანდოობა, სტაბილურობა, გამჭვირვალობა და ა.შ. თუმცა ამავე დროს ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე და უნდა ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. ეს არის მეტად უფრო გამჭვირვალე ურთიერთობა კლიენტებთან, მაქსიმალური პასუხისმგებლობა, სოციალური პასუხისმგებლობა, მომხმარებლის უფლებების დაცვა და მთელი რიგი საკითხები, რომლებიც აწუხებს დღეს საბანკო სექტორის მომხმარებლებს, განსაკუთრებით კი საცალო დაკრედიტების მიმართულებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზე.
გიორგი ქადაგიძემ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან დაგემილი შეხვედრა დააანოსა, რომელიც 12 ივნისს ეროვნულ ბანკში გაიმართება: “ხუთშაბათს ჩვენ გვექნება შეხვედრა საბანკო სექტორთან, სადაც დეტალურად გავივლით იმ გამოწვევებს, რომლებიც სამომხმარებლო სექტორში არსებობს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ გავაკეთე განცხადება ე.წ. საკრედიტო მახეებზე, ასევე საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, „თი-ბი-სი ბანკს“ ლონდონის ბირჟაზე გასვლა მიულოცა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად მაღალია უცხოელ ინვესტორთა ნდობა ქართული საბანკო სექტორის მიმართ“.