ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების დირექტივასთან (MIFID II) დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

ეროვნულმა ბანკმა ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების დირექტივასთან (MIFID II) დაკავშირებით სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

25 ივლისი, 2019
24-25 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა: "MIFID II1-ის პრინციპები და ევროკავშირის გამოცდილება: საინვესტიციო ფირმების (საბროკერო კომპანიების) პერსპექტივა". შეხვედრის მთავარი მიზანი ბაზრის მონაწილეებისათვის MIFID II-ის პრინციპებისა და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება იყო.

ღონისძიებაში, ეროვნული ბაკის სპეციალისტებთან ერთად კომერციული ბანკებისა და საბროკერო კომპანიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სალომე სხირტლაძემ გახსნა. მან აუდიტორიას გააცნო კაპიტალის ბაზრის მიმართულებით მიმდინარე პროცესები და  ისაუბრა იმ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც უკავშირდება სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარებას, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობასა და სანდოობას.

"მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საზედამხედველო პოლიტიკის მიმართულებით. ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება მიზნად ისახავს საშუამავლო მომსახურების სტანდარტების ამაღლებას, არსებული ინვესტორების ინტერესების დაცვასა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებას", - განაცხადა სალომე სხირტლაძემ.

სამუშაო შეხვედრას ბელგიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის (FSMA) წარმომადგენლები, გიომ ბერარი და ლიენ ვერხოგი უძღვებოდნენ.

შეხვედრაზე საინვესტიციო ფირმების (საბროკერო კომპანიების) საქმიანობასთან დაკავშირებული პრინციპები (MIFID II) განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციული სტრუქტურის საკითხებსა და ეთიკის პრინციპებს (Conduct of business requirements). ასევე, MIFID II-ის სტანდარტებთან ერთად მონაწილეებმა განიხილეს პრაქტიკული მაგალითები და ევროკავშირის გამოცდილება, მათ შორის შესაფერისობის და შესაბამისობის ტესტის, Best Execution-ის, ჩანაწერების შენახვის, კლიენტებთან ანგარიშგების, და სხვა საკითხებთან დაკავშირებული პროცესების შესახებ.

_____________________________
1 ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის 2014 წლის 15 მაისის დირექტივა 2014/65/EU ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების შესახებ


სხვა სიახლეები