ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების შესახებ კვლევის შედეგები კომერციულ ბანკებს გააცნო

ეროვნულმა ბანკმა მომხმარებელთა უფლებების შესახებ კვლევის შედეგები კომერციულ ბანკებს გააცნო

29 ოქტომბერი, 2015
კომერციული ბანკების მხრიდან, საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის მოთხოვნები მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს, ასეთია იმ კვლევის შედეგები, რომელიც დღეს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ კომერციული ბანკების წარმომადგენლებს საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

ეროვნული ბანკისა და „შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“(SBFIC) ერთობლივი კვლევა მიზნად ისახავს, კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის შესრულებასთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემების იდენტიფიცირებას და მათ გადასაჭრელად განკუთვნილი ღონისძიებების დაგეგმვის გზით შემდგომ რეაგირებას.

კვლევაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო, რომელშიც რეგიონული მასშტაბით ექვსი  კომერციული ბანკი იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ბანკები ხელშეკრულების გაფორმებისას ითვალისწინებენ საქართველოს ეროვნული ბანკის „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესის“ მოთხოვნებს, კვლევის შედეგების მიხედვით მოცემული ინფორმაციის მიწოდება მომხმარებელთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.  

„პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გერმანელ კოლეგებს თანამშრომლობისთვის, მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩატარდა. სამწუხაროდ შედეგები არ არის დამაკმაყოფილებელი. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლის შემდეგ პროგრესი არის, აშკარაა, რომ ამ მიმართულებით კომერციული ბანკების მიერ ჩატარებული სამუშაოები არასაკმარისია.

კვლევისას შედეგებმა დაადასტურა, რომ კვლავ პრობლემურია მთელი რიგი საკითხები, მაგალითად როგორიცაა ინფორმაციის პროაქტიული გამჟღავნება. ძირითად შემთხვევებში კომერციული ბანკები მომხმარებლებს ზეპირსიტყვიერად არ აცნობენ ისეთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, როგორიცაა კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, სავალუტო რისკი და ფინანსური ხარჯები. ასევე, მომსახურების გაწევის დროს არ ხდება პრეტენზიის დაფიქსირების შეთავაზება ბანკის მხრიდან. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში, მომხმარებელს თავისი ინციატივით პრეტენზიის დაფიქსირების კუთხითაც შეექმნა პრობლემა. პრობლემები დაფიქსირდა ხელშეკრულების გადაცემასთან დაკავშრებითაც.

რაც შეეხება რეაგირებას, როგორც ოთარ ნადარაიამ განაცხადა, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ საკითხთან დაკავშირებით გააგრძელებს ინტენსიურ დაკვირვებას და კვლევას და ამ პრობლემის მოსაწესრიგებლად მარეგულირებელი ჩარჩოს გამკაცრებასაც არ გამორიცხავს.

„ჩვენ ვმსჯელობთ გარკვეულ ვადებზე, სავარაუდოდ ეს იქნება სამთვიანი ვადა რა პერიოდშიც ბანკებმა მთლიანად თუ არა, არსებითად მაინც უნდა გამოასწორონ მდგომარეობა და შემდეგ უკვე განვიხილავთ უფრო მკაცრი სანქციების საკითხს, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკაში ე.წ. name and shame policy, რომელიც ნიშნავს, რომ ამ საკითხებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით ვრცელდება არა მხოლოდ სისტემური ინფორმაცია, არამედ  ვრცელდება უფრო ბანკების ჭრილში და ვფიქრობ ეს შეიძლება ნამდვილად იყოს უფრო ქმედითი ინსტრუმენტი ამ მიმართულებით“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ანალოგიური კვლევა „შემნახველი ბანკების ფონდმა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“ (SBFIC)  2012 წელსაც ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი კვლევის ჩატარების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, აღნიშნული პრობლემების დარეგულირება მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი მარეგულირებელი ჩარჩოს პრაქტიკაში შესრულების დონეს მკვეთრად ნეგატიურად აფასებს.

"საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების" წესი,  საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორს 2011 წლიდან შესთავაზა და იმ რეფორმის ნაწილია, რომელიც ქვეყნის მთავარმა ბანკმა საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით განახორციელა. წესის თანახმად, ბანკები ვალდებულნი არიან ხელშეკრულებებში მიუთითონ და ასევე, ხელშეკრულების გაფორმებამდე მომხმარებლებს ზეპირსიტყვიერად გააცნონ ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც კრედიტითა და დეპოზიტით სარგებლობასთან არის დაკავშირებული, პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, ინფორმაცია სავალუტო რისკების შესახებ, ხელშეკრულების პირობების ცვლილების წესი და სხვ.

საქართველოს ეროვნული ბანკი და „შემნახველი ბანკების ფონდი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“(SBFIC) 2012 წლიდან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობენ. მათ შორის, ფონდი ორგანიზებას უწევს მსოფლიო დაზოგვის დღის აღნიშვნას საქართველოში, კამპანია მიზნად ისახავს მოსახლეობის ფინანსური განათლების დონის ამაღლებას. ასევე, ორგანიზაცია ეროვნულ ბანკთან ერთად აქტიურადაა ჩართული ფინანსური განათლების სტრატეგიის შემუშავებაშიც.


სხვა სიახლეები