ეროვნულმა ბანკმა ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - “თბილისი 2015“ აღსანიშნავად, საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა

ეროვნულმა ბანკმა ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - “თბილისი 2015“ აღსანიშნავად, საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა

07 ივლისი, 2015
7 ივლისიდან, საქართველოს ეროვნული ბანკი ოლიმპიური ვერცხლის მონეტის - „თბილისი 2015“ რეალიზაციას იწყებს. პრეზენტაცია დღეს ეროვნულ ბანკში გაიმართა. ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საზოგადოებას პირადად წარუდგინა 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა სპეციალურად ევროპის ХIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის აღსანიშნავად, საკოლექციო დანიშნულებით გამოუშვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მონეტის დიზაინის ავტორი მამუკა გონგაძე და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.

„ვფიქრობთ, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს, ამ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებაზე ჩვენი სახელმწიფოსა და ქართული სპორტის უკეთ წარმოჩენას. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი მონეტა გამოვიდა, მისი ერთ–ერთი მთავარი ფუნქცია გახლავთ რა თქმა უნდა ამ ღონისძიების, ჩვენი ქალაქის და ქვეყნის პოპულარიზაცია. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ჩამოსული სტუმრებისთვის ეს იქნება ძალიან სასიამოვნო საჩუქარი და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახდება ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების, რომელსაც თბილისი მასპინძლობს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

10 ლარის ნომინალის, 15.50 გრამიანი, მონეტა დამზადებულია 925 ვერცხლის სინჯით. მონეტის ესკიზის ავტორია მხატვარ-დიზაინერი მამუკა გონგაძე. მონეტების დიზაინის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პიქტოგრამები. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური ფესტივალის ლოგო მონეტებზე დატანილია ფერში, საღებავების გამოყენებით, რაც თავის მხრივ წარმოადგენს როგორც ტექნოლოგიურ სიახლეს, ისე ახალ სიტყვას საქართველოში საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების ტრადიციების განვითარების საქმეში.

მონეტის რევერსზე გამოსახულია ევროპის რუქა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგო და ეროვნული ბანკის მიერ სულ ახლახან შემუშავებული, ეროვნული ვალუტის ამსახველი სიმბოლო. 

მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში (Мennica Polska, პოლონეთი) მოიჭრა და რეალიზაციაში სამიათასიანი ტირაჟით გავა. მონეტის სარეალიზაციო ფასი 65 ლარია და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება დღეიდან, როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული 
ონლაინ მაღაზიის მეშვეობით.

სხვა სიახლეები