ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის ჩარჩო შეიმუშავეს
საწყის ეტაპზე, ღია ბანკინგის პირველი ვერსია მხოლოდ ბანკების მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ პირადი ინფორმაცია სასურველი ბანკის ციფრულ არხებში გახადონ ხელმისაწვდომი. სერვისი მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის და ინდივიდუალური მეწარმეებისთვისაა გათვალისწინებული. კომერციული ბანკების მომხმარებლები ამ მომსახურებით 2021 წლის 31 მარტიდან ისარგებლებენ. შემდეგ ეტაპზე არასაბანკო ინსტიტუტების ჩართვა და ფუნქციების გაფართოება - მათ შორის, გადახდების ინიცირებაც - იქნება შესაძლებელი.
ეროვნული ბანკი და საბანკო ასოციაცია ღია ბანკინგის სტანდარტის განვითარებისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, ჩარჩოს სამუშაო პროექტს აქვეყნებენ. დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს (innovationoffice@nbg.gov.ge) ან საბანკო ასოციაციას (obstandards@association.ge). ღია ბანკინგის სტანდარტის დანერგვის ჩარჩო ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე - https://bit.ly/obankge.