ეროვნული ბანკმა ფინანსურ სექტორს სამართლებრივი რეგულირების სახელმძღვანელო შესთავაზა

ეროვნული ბანკმა ფინანსურ სექტორს სამართლებრივი რეგულირების სახელმძღვანელო შესთავაზა

28 ივლისი, 2015
სამართლებრივი რეგულირება - ასე ეწოდება ახალ გამოცემას, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის და ფინანსური სექტორის საქმიანობის შესახებ ნორმატიული აქტების კრებულს წარმოადგენს. დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საფინანსო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გამოცემა პირადად წარადგინა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეს არის მცირე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი. ბოლო 5 წლის განმავლობაში სამასამდე ნორმატიული აქტი შეიცვალა, ზოგი გადამუშავდა, ზოგი მთლიანად შეიცვალა. ფინანსური სფერო ძალიან დინამიურია, მუდმივად ხდება ცვლილებები ნორმატიულ აქტებში და იმისთვის, რომ ჩვენ ფინანსური სექტორის მდგრადობა ვუზრუნველყოთ მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებული იყოს ჩვენი ნორმატიული აქტები. აქ ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე კომერციული ბანკების ჩართულობა, ვინაიდან ისინი ყოველდღიურად გვაწვდიან ჩვენ ინფორმაციას, სად შეიძლება უფრო დაიხვეწოს ესა თუ ის რეგულაცია, სად შეიძლება უფრო კომფორტული უნდა იყოს ის მომხმარებლებისთვის. ეს მუდმივი პროცესია და დღეს გარკვეულწილად მოხდა ამ პროცესის შეჯამება და ჩვენ გამოვეცით სამაგიდო წიგნად, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

წიგნში შესულია ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, რომელიც მოქმედებს 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით. მასში აგრეთვე მოცემულია ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ეროვნული ბანკის საქმიანობას ან მის მიერ დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უკავშირდება. გამოცემის ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.nbg.gov.ge/index.php?m=640  

პრეზენტაციის დასასრულს გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში პარლამენტის მიერ ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებითაც უპასუხა ჟურნალისტთა შეკითხვებს. მისი თქმით, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოტანა არაკონსტიტუციურია და არღვევს ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგს.

„ჩვენ გავეცანით იმ საბოლოო რედაქციას, რომელიც სამი მოსმენით მიიღო პარლამენტმა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს კანონპროექტი ვერ უძლებს კრიტიკას სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისითაც, ვინაიდან არის უამრავი მუხლი, რომელიც თითოეულმა შეიძლება სხვადასხვაგვარად წაიკითხოს, რაც სერიოზულ პრობლემას შექმნის სამომავლოდ. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ იგი კონსტიტუციასთან არის შეუსაბამობაში, შეუსაბამობაშია ასოცირების დღის წესრიგთანაც. კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ნათელია, რომ ამ კანონის მიღების ერთადერთი მიზანია, (რასაც პრინციპში არც ინიციატორები არ უარყოფენ), მოხდეს ეროვნული ბანკის დასუსტება, გახლეჩვა და ასევე საქართველოს პრეზიდენტის, როგორც კონსტიტუციის, ძალთა ბალანსის გარანტიის როლის შემცირება.

აღნიშნული კანონის ასეთი ფორმით მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს მთლიანად სექტორს, უკვე აზარალებს ინვესტორების განწყობას და საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს მის უარყოფით შედეგებს. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, რის შესახებაც უკვე გაკეთდა განცხადებები, ჩვენ რა თქმა უნდა მივესალმებით ვეტოს დადებას. ვფიქრობ, რომ პრეზიდენიტის ვეტო არის კიდევ ერთი შესაძლებლობა პარლამენტის წევრებისთვის, გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას.

ჩვენ, რა თქმა უნდა გვქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქტიური კონსულტაციები მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია საჯაროდაც არის ცნობილი და უკვე დეტალებში გვქონდა არაერთი განხილვა. ეს კანონი არის ძალიან დიდი საფრთხის შემცველი. ეს არის ეროვნული ბანკის პოზიცია და არამარტო ეროვნული ბანკის, არცერთი თავმოყვარე ეკონომისტი დადებითად არ აფასებს ამ პროექტს“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

სხვა სიახლეები