ეროვნული ბანკი ღია ბაზრის ინსტრუმენტით ფასიან ქაღალდებს შეიძენს
საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად მუშაობს მონეტარული ინსტრუმენტებისა და ლიკვიდობის მართვის ჩარჩოს დახვეწასა და განვითარებაზე. ღია ბაზრის ოპერაციებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა ცენტრალური ბანკების მონეტარული პოლიტიკის ერთ ერთი ძირითადი ინსტრუმენტია და ის ლიკვიდობის მართვის ამოცანას ემსახურება. ეროვნული ბანკი გასულ წლებში, სისტემაში ჭარბი ლიკვიდობის არსებობის დროს, პერიოდულად ყიდდა მის პორტფელში არსებულ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს. ამჟამად ეროვნული ბანკი ლიკვიდობის მიმწოდებლის როლში გამოდის. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფასიანი ქაღალდების შესყიდვის დაწყების შესახებ. პირველ აუქციონზე, ინსტრუმენტის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მეორად ბაზარზე 10 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი შეიძინა. მომავალში ოპერაციები საჭიროების შესაბამისად განხორციელდება.
აღნიშნული ინსტრუმენტის მიზანი ლარის ლიკვიდობის ეფექტიანად მართვაა. იგი ასევე ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას.