ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების თემაზე მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრას მასპინძლობს

ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების თემაზე მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრას მასპინძლობს

07 ნოემბერი, 2019

საქართველოს ეროვნული ბანკი, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელთან" (OECD/INFE) თანამშრომლობის ფარგლებში, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებს მასპინძლობს.

ღონისძიებები OECD/INFE-ს მიერ ორგანიზებული განათლების ტექნიკური მხარდაჭერის 5-წლიანი (2018-2022) პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც საქართველოს გარდა აღმოსავლეთ ევროპის 6 სახელმწიფო - ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, ხორვატია - მონაწილეობს, და რომელიც ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ცენტრალური ბანკებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

კონფერენცია სახელწოდებით "ფინანსური განათლება და წიგნიერება: ფინანსური განათლების ხელშეწყობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში" ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გახსნა.

"დღეს ჩვენ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას - ფინანსური განათლების თემაზე მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებს ვმასპინძლობთ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელს" (OECD/INFE), რომელთა ინიციატივითა და მხარდაჭერითაც ხორციელდება ეს ღონისძიებები. კონფერენცია ტარდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტექნიკური მხარდაჭერის ხუთწლიანი პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია მონაწილე ქვეყნებს დაეხმაროს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. სასიამოვნოა, რომ პროექტში ჩართული ქვეყნების ყოველწლიური შეხვედრა პირველად სწორედ საქართველოში იმართება.

ღონისძიების ფორმატისა და მასზე მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომადგენლების გამოცდილების გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, ის იქნება მეტად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი როგორც საქართველოსთვის, ისე პროექტის მონაწილე თითოეული ქვეყნისათვის.

საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა, რამდენადაც ის 21-ე საუკუნის ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საბაზისო უნარია მისი ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად. ამ მიმართულებით პროექტში მონაწილე ქვეყნებთან ერთად ჩვენთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება. ამდენად, დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიება არსებით როლს შეიტანს ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით განხორციელებულ ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

კონფერენციის მონაწილეები ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის დანერგვის პროცესთან დაკავშირებულ კონცეპტუალურ და ინსტიტუციონალურ საკითხებზე იმსჯელებენ. ამასთან, რეგიონში არსებულ გამოცდილებებს, მიღწევებს და გამოწვევებს, ასევე პროექტის სამომავლო განვითარების ეტაპებს განიხილავენ.

სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის, პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები, რომელთა უშუალო პასუხისმგებლობაა შესაბამის ქვეყნებში ფინანსური განათლების ეროვნული ინიციატივების შემუშავება და დანერგვა. შეხვედრები ორიენტირებულია ფინანსური წიგნიერების გამოწვევებზე საპასუხო პრაქტიკული მაგალითებისა და შესაბამისი პოლიტიკის განხორციელების სხვადასხვა შესაძლებლობის განხილვაზე ისეთი  სამიზნე ჯგუფებისათვის, როგორებიცაა ახალგაზრდა თაობა - მოსწავლეები და სტუდენტები, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის წარმომადგენლები.

შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოს ეროვნული ბანკისა და OECD/INFE-ის მიერ, ასევე, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალური მხარდაჭერითა და მასთან არსებული პლატფორმის, "Money Wise", ტექნიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების ქსელი" (OECD/INFE) 2008 წელს ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ხდება ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 110-ზე მეტი ქვეყნის 240-ზე მეტ საჯარო სტრუქტურას აერთიანებს.




სხვა სიახლეები