ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრის პროექტს საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს

ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრის პროექტს საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს

05 აპრილი, 2021

ეროვნული ბანკი, საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი განხორციელებისა და სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ სავალდებულო ანგარიშგების მარტივად წარდგენის ხელშეწყობის მიზნით, საზოგადოებას საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ წესის პროექტს წარუდგენს.

საკრედიტო რეესტრი მსოფლიო ბანკის სამუშაო ჯგუფთან კონსულტაციების საფუძველზე   შეიქმნა და ის მონაცემთა ბაზაა, რომელიც სესხის გამცემი ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის შესახებ მონაცემებს მოიცავს. ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად შემდეგი მონაცემები წარედგინება:

  • მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები
  • მომხმარებლის ბოლო განახლებული ფინანსური მონაცემები
  • საკრედიტო ვალდებულების დეტალები
  • საკრედიტო ვალდებულების უზრუნველყოფის მონაცემები
  • ინფორმაცია რეფინანსირებულ სესხებზე
  • ინფორმაცია ინვესტიციების შესახებ
  • ინფორმაცია უარყოფილი საკრედიტო განაცხადების შესახებ
  • ინფორმაცია საანგარიშგებო თვის განმავლობაში დახურული სესხების შესახებ

აღნიშნული წესის ამოცანაა, ხელი შეუწყოს საკრედიტო რეესტრის მონაცემთა ბაზის შექმნისა და მისი გამოყენების პროცესს. რისკების შემცირების მიზნით, ის იმ ღონისძიებებს განსაზღვრავს, რომლებიც მონაცემების უსაფრთხო გაზიარებას, მათ დამუშავებას და შენახვას უკავშირდება. წესი ასევე ადგენს პროცესებში ჩართული მხარეების უფლება-მოვალეობებს.

საწყის ეტაპზე, საკრედიტო რეესტრის წარმოდგენის ვალდებულება მხოლოდ კომერციულ ბანკებს აქვთ. მონაცემების შეგროვება  2020 წლის დეკემბრიდან დაიწყო. 2021 წლის პირველ ნახევარში დაგეგმილია საკრედიტო რეესტრის მონაცემთა სრულყოფა და ხარისხის გაუმჯობესება, რათა უმოკლეს ვადაში უკვე შესაძლებელი იყოს მიღებული მონაცემების საზედამხედველო ღონისძიებებისთვის და ეროვნული ბანკის მანდატით განსაზღვრული უფლება-მოვალეობების შესრულებისთვის გამოყენება.

ეროვნული ბანკი ელის დაინტერესებული მხარეებისგან კომენტარებს და შენიშვნებს 2021 წლის 7 მაისის ჩათვლით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: registry@nbg.gov.ge. საკრედიტო რეესტრის  პროექტი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:  https://www.nbg.gov.ge/index.php?m=696  

 

 

სხვა სიახლეები