ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აჭარის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა
26 ივლისი, 2017
საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დასრულების შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აჭარის რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ადგილობრივ ბიზნესმენებს კობა გვენეტაძემ გააცნო მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილება და ბოლოდროინდელ მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე ესაუბრა. ინფლაცია და მისი პროგნოზი, ეკონომიკური ზრდა, დოლარიზაცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვა - ეს ის თემებია, რომლებზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა რეგიონის ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელა.
შეხვედრაში, რომელიც სასტუმრო "შერატონში" გაიმართა, აჭარის რეგიონში არსებული კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მმართველებიც მონაწილეობდნენ. საუბარი შეეხო ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ რეგულაციებს, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელდა, ასევე ისაუბრეს დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე დაესწრო.
აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ბიზნესისთვის გასაგები იყოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი შედეგები, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა და მისი გავლენა ეკონომიკაზე.