ეროვნული ბანკის მორიგი კვლევითი ნაშრომი ნაღდი ფულის ნაკადის რისკის შეფასებაზე
მომდევნო კვლევითი ნაშრომი "ნაღდი ფულის ნაკადის რისკის შეფასება საქართველოს საბანკო სექტორისათვის" სებ-ის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების თანამშრომლებმა მოამზადეს. კვლევის მიზანია საბანკო სექტორის მოგების განაწილების შეფასება ლიკვიდობის რისკის განსასაზღვრავად, რისთვისაც განხილულია ნაღდი ფულის ნაკადის რისკი (Cash Flow at Risk - CFaR). შეფასებები წარმოდგენილია როგორც მთლიანი საბანკო სექტორისთვის, ასევე საქართველოში ორი ყველაზე დიდი ბანკისათვის ცალ-ცალკე. ნაშრომში გათვალისწინებულია მონეტარული პოლიტიკის საბანკო სექტორის მოგებაზე შესაძლო არაწრფივი ზეგავლენა. მედიანურ შეფასებებთან ერთად წარმოდგენილია კვანტილური რეგრესიის შედეგებიც, რაც საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ განაწილების ბოლოებთან დაკავშირებული რისკები. კვანტილური შეფასების თანახმად, ბანკის მოგებასა და შემოსავლიანობის მრუდს შორის დამოკიდებულება ასიმეტრიულია. მიღებული შედეგების თანახმად, საბანკო სექტორის მოგება დადებითად დამოკიდებულია მოკლევადიან და გრძელვადიან საპროცენტო განაკვეთებზე, თუმცა ეს დამოკიდებულება არაწრფივია. აღსანიშნავია, რომ საბანკო სექტორის მომგებიანობა ფინანსური სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია; წარმოდგენილი მიდგომა ბანკებს და ანალიტიკოსებს გაუადვილებს ლიკვიდობის რისკების შეფასებას და ლიკვიდობის მართვას.
კვლევითი ნაშრომების ქართული ვერსია ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ბლოგზე, ხოლო ინგლისური ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე.