ეროვნული ბანკის ინიციატივით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: ღია ბანკინგი

ეროვნული ბანკის ინიციატივით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: ღია ბანკინგი

28 დეკემბერი, 2020

საქართველოს ეროვნული ბანკის ინოვაციების ოფისის ინიციატივით ღია ბანკინგის თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა. ღია ბანკინგი ფინტექ ეკოსისტემის სწრაფი განვითარებისათვის მნიშვნელოვან ახალ შესაძლებლობებს ქმნის, რაც ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარებისა და საერთო სტანდარტების შექმნისათვისაა აუცილებელი. სწორედ ამ მიზნით, ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს საბანკო ასოციაციამ 2020 წლის პირველ ნახევარში ღია ბანკინგის საერთო სტანდარტების შექმნაზე ერთობლივი მუშაობა დაიწყეს.

პანელური დისკუსია  საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ღია ბანკინგი ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც ბანკებისათვის, ასევე ფინტექ კომპანიებისათვის. პაპუნა ლეჟავამ ღია ბანკინგის განვითარებისთვის საერთო სტანდარტის არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საერთო სტანდარტის დანერგვა დაინტერესებულ მხარეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ინტეგრაციას, რაც ფინანსურ ორგანიზაციებსა ან/და ფინტექებს დაეხმარება მომხმარებელს შესთავაზონ მრავალფეროვანი პროდუქტი, არსებული პროდუქტის ღირებულება შეამცირონ ან/და  მომხმარებელთა ცნობიერება გაზარდონ.

პანელურ დისკუსიაში საბანკო ასოციაციის, საქართველოს ბანკისა და საერთაშორისო ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანია ასეკოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დისკუსიას ესწრებოდნენ ფინტექ ინდუსტრიის, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოში ღია ბანკინგის განვითარებაზე ინფორმაციის მიღების პარალელურად, მონაწილეებს საშუალება მიეცათ კითხვები დაესვათ უშუალოდ პანელის წევრებისათვის და მათთან ერთად შეეჯამებინათ აღნიშნული ღონისძიება.

 

სხვა სიახლეები