ეროვნული ბანკის განცხადება
როგორც ცნობილია, გასულ კვირას ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების სიმპტომების კვლევა და ტესტირება. დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 16-ია. ამჟამად კოვიდ-19 ვირუსის მქონე თანამშრომელი შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით.
ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ეროვნული ბანკის ყველა შენობაში რეგულარული სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს და ბანკის ოფისები ოპერირების საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდებათ სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას.
გისურვებთ ჯანმრთელობას და სიმშვიდეს. ერთობლივი ქმედებებით, პროფესიონალთა რეკომენდაციების დაცვით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. #დარჩიშინ