დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

27 აპრილი, 2015

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი აპრილისათვის 12.6 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 164.0 მლნ ლარით ანუ 1.3 პროცენტით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე. თუმცა, ოპერაციების შედეგად (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე) ეს მაჩვენებელი ამ პერიოდში 0.5 პროცენტით შემცირდა, ხოლო გაცვლითი კურსის ცვლილებამ მისი 1.9 პროცენტით ზრდა გამოიწვია. მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 159.2 მლნ ლარით ანუ 2.2 პროცენტით, რაც მთლიანად კურსის ცვლილებით არის გამოწვეული; მოთხოვნამდე დეპოზიტების ზრდამ 4.8 მლნ ლარი ანუ 0.1 პროცენტი შეადგინა, აქედან კურსის ცვლილებამ მისი 1.4 პროცენტით ზრდა განაპირობა, ხოლო ოპერაციები 1.3 პროცენტით შემცირდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 35.30 პროცენტი შეადგინა. პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ლარიზაცია 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.6 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.5 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 5.1 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.3 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.9 პროცენტი შეადგინა.

 

 

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში მისამართზე:
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304&lng=geo
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/assets__liabilities_of_commercial_banks_totalgeo.xls;
https://www.nbg.gov.ge/uploads/depozitarycorporeshenqartulad/money_aggregates_and_monetary_ratiosgeo.xls

სხვა სიახლეები