დასრულდა სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში

დასრულდა სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში

29 აგვისტო, 2018
მისიის დასასრულს გამოქვეყნებული პრესრელიზი წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის წევრთა განცხადებას ვიზიტის წინაწარი მიგნებების შესახებ. ეს განცხადება ეკუთვნის მისიის წევრებს და, შესაძლებელია, არ ასახავდეს სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მოსაზრებას. ამ მისიის მიგნებები სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე არ განიხილება

• სსფ-ს მისიამ საქართველოს ეკონომიკის 2018 წლის ზრდის პროგნოზი წლიურ 5.5 პროცენტამდე აწია, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო. 
• ეკონომიკაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები გაიზარდა სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების გამო. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქნილი გაცვლითი კურსის და გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება. 
• ხელისუფლების მიერ დაწყებული რეფორმების განუხრელი განხორციელება ხელს შეუწყობს მაღალ ზრდას გრძელვადიან პერიოდში და გააუმჯობესებს ეკონომიკის მედეგობას.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ქალბატონი მერსედეს ვერა-მარტინის ხელმძღვანელობით თბილისს ამა წლის 21-27 აგვისტოს ეწვია ეკონომიკის და საფინანსო სექტორში არსებული მიმდინარე ვითარების და სტრუქტურული რეფორმის მიმდინარეობის მიმოხილვის მიზნით. მისიის დასასრულს ქალბატონმა ვერა-მარტინმა განაცხადა შემდეგი: 
 
"ეკონომიკურმა აქტივობამ იმატა 2018 წლის პირველ ნახევარში. წლიურმა ზრდამ 5.7 პროცენტი შეადგინა, რასაც ხელი შეუწყო ძლიერმა საგარეო მოთხოვნამ, ფულადი გზავნილების და დაკრედიტების ზრდამ. წინასწარი მონაცემებით, ივნისის ბოლოს მდგომარეობით, ბიუჯეტიც მოსალოდნელზე უკეთესად სრულდებოდა. ინფლაციამ ივლისში 2.8 პროცენტი შეადგინა და წლის განმავლობაში მეტწილად საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე (3 პროცენტზე) ქვემოთ იყო. იმის გათვალისწინებით, რომინფლაციის პროგნოზი დაბალ დონეზე ნარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. ამავდროულად, დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი კლებას განაგრძობს.

"მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით 2018 წლის ზრდის პროგნოზი 4.8 პროცენტიდან 5.5 პროცენტამდე გავზარდეთ. მოსალოდნელი მაღალი ეკონომიკური აქტივობა და სავაჭრო პირობების შესუსტება, სავარაუდოდ, გაზრდის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. ეკონომიკურ პერსპექტივაზე შესაძლო უარყოფითი გავლენის მქონე რისკები, რაც განპირობებულია რეგიონში არსებული ვითარებით და სავაჭრო კონკურენციით, რეზერვების დაგროვების და მოქნილი გაცვლითი კურსის შენარჩუნების საჭიროებას წარმოშობს. მოქნილი გაცვლითი კურსი სასარგებლოა საქართველოსთვის და იგი გონივრულ მაკრო პოლიტიკასთან ერთად, გააძლიერებს ქვეყნის მედეგობას საგარეო შოკების მიმართ.

"სსფ-ს მისიამ საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილა მაღალი და ინკლუზიური ზრდის ხელმშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა; შეაფასა სხვადასხვა ინიციატივები. 
საქართველოს ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებელი საპენსიო სააგენტო და დაამტკიცა დებულებები კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონის განხორციელებისათვის. ხელისუფლებამ დახვეწა გადახდისუუნარობის კანონი და აამოქმედა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ხელშემწყობი დებულებები. ამჟამინდელი გარემოში მიზანშეწონილია სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება ეკონომიკის მედეგობის გაზრდის, კერძო სექტორის მიერ წაძღოლილი ზრდის, ეკონომიკის დივერსიფიცირების და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მიზნით. 

"სსფ-ს მისია მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას ღია და კონსტრუქციული განხილვებისთვის ვიზიტის მსვლელობისას. მისია შეხვდა კობა გვენეტაძეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ივანე მაჭავარიანს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების მინისტრს, ასევე ხელისუფლების სხვა და დიპლომატიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს. სსფ-ს მისია მოუთმენლად ელოდება თანამშრომლობას ქვეყნის ხელისუფლებასთან მიმდინარე, სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი, საქართველოს ეკონომიკური პროგრამის მოახლოებული, მესამე მიმოხილვის ფარგლებში, რომელიც ამა წლის ოქტომბრის თვეში არის დაგეგმილი."

სხვა სიახლეები