გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში ეროვნული ბანკი კონკურსს აცხადებს
ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოში გლობალური ფულის კვირეული 2014 წლიდან აღინიშნება. კვირეული ბავშვებსა და ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო საკითხების ცნობადობის გაზრდასა და პოპულარიზებას ისახავს მიზნად. გლობალური ფულის კვირეული 2012 წლიდან ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით 170-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.
კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ბანკი, საქართველოში მცხოვრებ 12-დან 18 წლის ჩათვლით მოზარდებისთვის აცხადებს კონკურსს თემაზე - ფული და ფულის სამყარო.
კონკურსის პირობები
"ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური განათლების დონის ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ეროვნული ბანკი, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა საინტერესო და სახალისო აქტივობებს ახორციელებს. წლევანდელი ღონისძიებები, ტრადიციული ფორმატისგან განსხვავებით, ონლაინ განხორციელდება. გლობალური ფულის კვირეულის ღონისძიებები მოიცავს კონკურსს, ვიდეო გაკვეთილებს, ვებინარებს სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, სოციალური მედიის საშუალებით საინფორმაციო ვიდეოების/პოსტების გავრცელებას და სხვა. წელს ეროვნულმა ბანკმა ახალგაზრდებს კონკურსი შესთავაზა, რაც მათ საშუალებას მისცემს ფულის ისტორიის, ქართული ლარის და საფინანსო სისტემის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.