გიორგი ქადაგიძის შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან

გიორგი ქადაგიძის შეხვედრა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან

12 ივნისი, 2014
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ საცალო დაკრედიტების სეგმენტზე აქტიური ბანკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვერაზე დეტალურად განიხილა ყველა ის პრობლემატური საკითხი, რომელიც სამომხმარებლო სექტორში არსებობს და საკრედიტო დაწესებულების მომხმარებლები ე.წ საკრედიტო მახეების შესახებ გააფრთხილა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მომხმარებელს მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოს ისეთი პროდუქტების მოხმარებისას, როგორებიცაა განვადება, საკრედიტო ბარათები და ა.შ

„უკანასკნელი ტენდენციების ანალიზი ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად იზრდება საცალო დაკრედიტება სამომხმარებლო სექტორში. თუ ამას დავუმატებთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ლომბარდებს, მომენტალურ განვადებებს და სხვა არაფორმალური სექტორის წარმომადგენლებს, ვღებულობთ სურათს როდესაც ვალის მომსახურების ტვირთი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არის საკმაოდ მაღალი და შემდგომი, კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში შეიძლება შეიცავდეს დიდ საფრთხეებს. ამავე დროს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანაში, როგორიც ჯერ კიდევ არის საქართველო, ევროპული სტანდარტით  - არაფერია გასაკვირი და უხერხული იმაში, რომ მოსახლეობის ნაწილს შეიძლება შეექმნას ფინანსური პრობლემა ვალის მომსახურების თვალსაზრისით და მიაკითხონ შესაბამის საკრედიტო ინსტიტუტებს სესხის რესტრუქტურიზაციის მიზნით.

პრობლემა და არაეთიკური პოლიტიკა არის ზუსტად მაშინ, როდესაც ესა თუ ის საკრედიტო ინსტიტუტი მომხმარებელს სთავაზობს ახალ სესხს, ძველი სესხის, ძველი პრობლემის გადასაფარად. როგორც წესი ეს არის დროებითი მოგვარება საკითხის და არა ფუნდამენტალური, შესაბამისად თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვექნება ადეკვატური რეაგირება, თუმცა ამავე დროს მინდა აუცილებლად შევეხო მომხმარებელსაც და კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, გავაფრთხილო, მოვუწოდო მომხმარებლები არა მარტო ხელშეკრულებები წაიკითხონ კარგად ხელმოწერის დროს, არამედ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ისეთი საკრედიტო პროდუქტების მოხმარების დროს, როგორიც არის ძვირადღირებული საყოფაცხოვრებო და სხვა ფუფუნების საგნების განვადებით შეძენა, საკრედიტო ბარათები, ოვერდრაფტები და სხვა. ეს ყველაფერი არის ყველაზე ძვირიანი პროდუქტი საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში.

ამიტომ, როდესაც ასეთი პროდუქტების მოხმარებას ვირჩევთ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილები და კარგად დავგეგმოთ საკუთარი ფინანსები. მხოლოდ ის, რომ პრობლემური სესხი გადავფაროთ ახალი სესხით ანუ როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე - ვიღებთ ერთ ბარათს, შემდეგ მეორეს, განვადებას, მესამე საკრედიტო პროდუქტს. აღმოვაჩენთ, რომ ვალის მომსახურების ტვირთი პროდუქტების ასეთ ფართო სპექტრზე არის საკმაოდ მაღალი, გვაქვს პრობლემა, მერე მივდივართ ვიღებთ უკვე დიდ სესხს, რომ გადავფაროთ ეს ყველაფერი, ამ დიდი სესხის ქვეშ უზრუნველყოფაში ვდებთ უკვე უძრავ ქონებას და ამ პროცესს, რომელიც აგიღწერეთ ჰქვია კლასიკური „საკრედიტო მახე“.

ეს რომ ასე არ მოხდეს აუცილებელია, ერთი მხრივ მომხმარებელმა ბოლომდე გაიაზროს ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ძვირადღირებულ საკრედიტო პროდუქტებთან, ხოლო მეორე მხრივ ბანკებმა ადეკვატურად შეაფასონ და მაქსიმალურად პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთ მომხმარებელს. შესაბამისად, ჩვენ ორი მიმართულებთ ვმუშაობთ: პირველი - ესაა საკრედიტო პოლიტიკის მაქსიმალურად მისადაგება კლიენტის მოთხოვნილებებზე ბანკების მხრიდან. მეორე მხრივ, კი განათლების ამაღლება და მაქსიმალური გამჭვირვალობა იმ პროდუქტებისა, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ესმოდეს ყველა საფრთხე, რომელიც გამომდინარეობს ასეთი პროდუქტების მოხმარებისგან“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ შეხვედრის დასრულებისას.
სხვა სიახლეები