ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. გიორგი ქადაგიძემ ისაუბრა გამომწვევ მიზეზებზე და ამ პროცესში ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა შეაფასა.
"მინდა ავღნიშნო, რომ ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის გარანტი არის საქართველოს ეროვნული ბანკი, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამის შესახებ და საქმით დაგვიდასტურებია. სებ-ის მთავარი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. როგორც წესი ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ კომენტარს მოკლევადიანი მერყეობის დროს, მაგრამ ვინაიდან სახეზეა გაუარესებული ეკონომიკური მოლოდინები და არასტანდარტული ეროვნული ვალუტის მერყეობა მინდა გავაკეთო განცხადება ამასთან დაკავშირებით. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად სახეზე გვაქვს სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება, ან კლება. ამავე დროს ჩვენი გათვლებით, ეს დისბალანსი უკვე აღმოფხვრილია და უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსში. რაც შეეხება იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში იგი დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ დროს ფინანსური ბაზრებისთვის. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ბაზრის ის მონაწილეები და მოქალაქეები, რომლებიც იღებენ ან მიიღებენ იმპულსურ გადაწყვეტილებებს კონვერტაციასთან დაკავშირებით, როგორც წესი ყოველთვის ზარალობენ, ვინაიდან ყველა გაუფასურებას მოსდევს გამყარება და ამას არაერთხელ ჰქონია ადგილი, როგორც დოლარი/ლარის გაუფასურების დროს, ასევე დოლარი/ევროს მნიშვნელოვანი ფლუქტუაციის დროს.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსის მერყეობა აისახება ზოგიერთ სასაქონლო ჯგუფზე, ჩვენ არ ველოდებით მიზნობრივზე მეტ ინფლაციას. ამის მიზეზი კი არის ორი: პირველი - ისეთ სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა ნავთობი, ხორბალი, შაქარი და ზეთი, მსოფლიო ბაზრებზე ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. მეორე მიზეზი, რომლითაც არ ველოდებით მნიშვნელოვან ზეწოლას ეს არის ფულადი აგრეგატების ზრდის ფაქტორი. უფრო მარტივად კი ფულის მასა შარშანდელისგან განსხვავებით არ გაზრდილა. და უფრო მეტიც, მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მინდა გითხრათ, რომ დეკემბერში ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას ადგილი არ ექნება, რაც კიდევ ერთხელ შეასუსტებს ზეწოლას ინფლაციურ პროცესებზე.
სამწუხაროდ, ამ დროს ყველაზე მეტად ზარალდება ის მოქალაქეები, რომელთაც სესხი აქვთ დოლარით, ხოლო შემოსავალი ლარით. აქ პასუხია მხოლოდ ერთი: ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა და საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურიდან გამომდინარე, ეკონომიკის ზრდის პირობებში საშუალო ვადიან პერიოდში ლარს ყოველთვის ექნება გამყარების ტენდენცია.
და ბოლოს აუცილებლად მინდა ავღნიშნო, ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით და ვაანალიზებთ მიმდინარე პროცესებს და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დავინახავთ კიდევ უფრო გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებს, ჩვენ განვახორციელებთ მნიშვნელოვან და მოცულობით ინტერვენციებს, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით. იმისათვის, რომ სიტუაცია იყოს სტაბილური, ხოლო დასკვნის სახით აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ყველა ჩვენი გამოწვევის წამალი, რეცეპტი არის მხოლოდ ერთი, სწრაფი ეკონომიკური ზრდა”, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
დღევანდელ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მედიის შეკითხვებს უპასუხა.