გიორგი ქადაგიძის ბრიფინგი

გიორგი ქადაგიძის ბრიფინგი

30 იანვარი, 2015
ბოლოდროინდელ ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც მან ისაუბრა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლის გატარებასაც საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალი კვირიდან გეგმავს.

„ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებამ მიაღწია იმ ზღვარს, როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე, რომ ინფლაციური მოლოდინები შესაძლოა ფასების ზრდაში გადაიზარდოს. მოგეხსენებათ, რომ დღესდღეობით ამ პროცესით ძალიან ზარალდებიან ჩვენი ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებსაც ვალდებულებები დოლარში აქვთ, ხოლო შემოსავლები ლარში. ამიტომ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება, კიდევ უფრო გააუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც საბოლოო ჯამში ასევე უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებული გადაცემის მექანიზმების ყველა ინსტრუმენტს. ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, ეტაპობრივი იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ამავე დროს, როგორც იცით ჩვენ გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკებები და განხილვები მთავრობასთან და ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფისკალური ნაწილი, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მომდევნო თვეებში იქნება ან დაბალანსებული ან უკეთეს შემთხვევაში პროფიციტული. ამავე დროს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ გამოწვევების ფონზე რაც დღეს არის ეკონომიკაში და იმ რიცხვებისა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე, რომელიც დღეს ჩვენ უკვე გვაქვს, აუცილებელია დავიწყოთ ეკონომიკური ზრდის 5%-იანი პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით და შესაბამისი ფისკალური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების გადაგეგმვა ანუ ახალი გეგმის გაკეთება იმისთვის, რომ ეკონომიკური პოლიტიკა ადეკვატურად ასახავდეს და პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.

სხვა სიახლეები