ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეროვნული ბანკი არ აკეთებს პოლიტიკურ კომენტარებს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის თავდასხმებზე, რომელიც ხორციელდება ეროვნულ ბანკზე, ვიზიარებთ რა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ არც მომავალში ვაპირებთ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას საჯაროდ. ეს არ არის ჩვენი მანდატი, მაგრამ ვინაიდან ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, საჭიროდ ვთვლით მოგახსენოთ იმ პოზიციის შესახებ, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოხატავდა ბოლო პერიოდის განმავლობაში.
ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში ჩვენ განვაცხადეთ იმის შესახებ, რომ 2013 წლის ზრდის პროგნოზი ოპტიმისტური იყო და საჭიროებდა გადახედვას. ნაცვლად იმისა, რომ მოსმენილიყო ჩვენი არგუმენტები, ჩვენ მივიღეთ პირველი ტალღა ცილისწამების და პოლიტიკურ საბოტაჟში დადანაშაულების. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2013 წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ განახევრებული ეკონომიკური ზრდა.
2013 წლის ზაფხულიდან ჩვენ არაერთხელ დახურულ თუ ღია შეხვედრებზე განგვიცხადებია, რომ არათანაბარ ხარჯვას აქვს უარყოფითი შედეგი გაცვლით კურსზე. ამჯერადაც, წლის ბოლოს, სამწუხაროდ ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2013 წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო ზეწოლა ლარის კურსზე და იმისთვის, რომ კურსის დევალვაცია არ მომხდარიყო, ეროვნულმა ბანკმა სიტუაციის დასაბალანსებლად განახორციელა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინტერვენცია. მაშინ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან პრობლემა გამოწვეული იყო ერთჯერადი ფაქტორებით და არა ფუნდამენტური მიზეზებით. 2014 წლის აგვისტოდან, როდესაც ჯერ კიდევ ტურისტული პიკის სეზონში, ჩვენ ვერ შევძელით სავალუტო რეზერვების აკუმულირება, ხოლო აგვისტოს მერე გამოჩნდა პირველი ნიშნები ექსპორტის შემცირებისა და იმ პრობლემებისა, რომელიც სავარაუდოდ თავს იჩენდა შემდგომ თვეებში, სამწუხაროდ, გაზიარებული იყო არგუმენტები ეკონომიკური ბლოკის იმ წევრებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ყველაფერი არის კარგად და არანაირი ფუნდამენტური პრობლემა არ არსებობს.
ნაცვლად ჩვენი არგუმენტების მოსმენისა, ჩვენ მივიღეთ ნიაღვარი შეკვეთილი სტატიებისა და საეჭვო რეპუტაციის ექსპერტების მცდელობა, მორიგი შეტევა განეხორციელებინათ გაეკეთებინათ ეროვნულ ბანკზე“, -განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განმარტება გააკეთა რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე და განაცხადა, რომ რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება კონტრპროდუქტიული და უშედეგოა.
„მინდა რეზერვებთან დაკავშირებით აუცილებლად გავაკეთო განმარტებები, ვინაიდან არის მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, თითქოს რეზერვების ხარჯვაა სიტუაციიდან გამოსავალი. საქართველოს სავალუტო რეზერვი ეს არის ჩვენი აქტივი და ის დოვლათი, რომელსაც ჩვენ ვქმნით მთელი წლების განმავლობაში და რომელიც წარმოადგენს ჩვენი ფინანსური სტაბილურობის მთავარ გარანტს. ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა სწორედ რეზერვების დაგროვების და მართვის მიმართულებით, აღიარებულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ავტორიტეტული გამოცემის, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ.
რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება, კონკრეტულად კი ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის კლების ჩანაცვლება არის არა მარტო არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტრპროდუქტიული და უშედეგო. ამას ცხადყოფს უამრავი საერთაშორისო მაგალითი. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება დავუშვათ შეცდომები ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ არაერთხელ დაგვიშვია შეცდომები 90-იანი წლების დასაწყისში და იგივე შეცდომების დაშვებას ჩვენ არ ვაპირებთ. მე მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, სანამ მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვნული ბანკის სათავეში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იგივე შეცდომების გამეორებას, რაც ჩვენმა ქვეყანამ სამწუხაროდ არაერთხელ გაიმეორა. გაუგებარია გუშინდელი განცხადება და გუშინდელი გამოხმაურებები, მაშინ, როდესაც სავალუტო ბაზარზე აშკარად შეიმჩნევა სტაბილიზაცია. მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინდელი განცხადებების კასკადამდე სავალუტო აუქციონზე გარიგებები დასრულდა 2.16 კურსით, რაც ცალსახად მიუთითებს სავალუტო კურსის სტაბილიზაციაზე და იმაზე, რომ ყველაფერი მიდის სწორედ და მიდის დამშვიდებისკენ. კურსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ლარის კურსის გაუფასურება გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით. ლარი გაუფასურდა 30 პროცენტით სამწუხაროდ, 30 პროცენტიანმა გაუფასურებამ გარკვეული პერიოდის მერე დაიწყო ასახვა იმპორტზე. ჩვენ ველოდებით, რომ იმპორტის შემცირების შესაბამისად, შემცირდება უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა, რაც შეარბილებს ნეგატიურ გავლენას კურსზე და ლარს ექნება სტაბილიზაციის და შემდგომი გამყარების ტენდენცია“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მოუწოდა ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებს, რომ ეროვნულ ბანკზე თავდასხმა შეწყვიტონ. ვინაიდან ასეთი თავდასხმები ვნებს და აზიანებს არა მას, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ ეს ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედებს.
„მინდა მოვუწოდო ხელისუფლების წარმომადგენლებს, მთავრობის წარმომადგენლებს, მმართველი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებს შეწყვიტონ მყისიერად თავდასხმა ეროვნულ ბანკზე. ასეთი თავდასხმები, პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა ვნებს და მაზიანებს არა მე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ ურტყამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ის ვნებს ინვესტორების განწყობებს და კონტრპროდუქტიული არის იმ პროცესების პარალელურად, რაც დღეს ვითარდება. ეხლა არ არის გადაბრალების დრო, ეხლა არ არის განტევების ვაცის ძებნის დრო, ეხლა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმის დროა, რომლის მიზანიც იმ წყაროებიდან სავალუტო შემოდინებების გაზრდა უნდა იყოს, რომლებზეც ჩვენ გვაქვს გავლენა, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ლარის კურსის შემდგომ გამყარებას და შვებას მისცემს იმ ჩვენს მოქალაქეებს ვისაც მნიშვნელოვნად დაუმძიმდა სესხის ტვირთი“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ბრიფინგზე გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.