გიორგი ქადაგიძის ბრიფინგი

გიორგი ქადაგიძის ბრიფინგი

05 ივნისი, 2015
დღევანდელ ბრიფინგზე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განცხადება გააკეთა ბანკის მისამართით ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით. მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც საზოგადოებას ეროვნული ბანკის საკითხზე ბოლო პერიოდში ესმის, სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის წინაშე არსებული რეალური პრობლემების გადაფარვის მცდელობა.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის ცდილობს არ ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში უკვე რამდენჯერმე გავხდი იძულებული გამეკეთებინა განცხადება და მოწოდება, შეწყდეს ცილისმწამებლური კამპანია და თავდასხმები ეროვნულ ბანკზე. ის განცხადებები, რომელიც ბოლო დღეებში მოვისმინეთ არის უპასუხისმგებლო მცდელობები გადაიფაროს ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანისათვის ყველაზე აქტუალური და მტკივნეული საკითხები, რომლებიც ეხება ლარის კურსს, ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების რეალურ შემოსავლებს.

დღეს დისკუსიები უნდა მიდიოდეს ვითარების გაუმჯობესებისათვის აუცილებელ ნაბიჯებზე, სავიზო რეგულაციების გამარტივებასა და ინვესტიციების მოზიდვაზე, ექსპორტისა და ტურისტული შემოსავლების ზრდის გზებზე, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე - ყველაფერზე, რაც ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების ზრდას შეუწყობს ხელს, რაც წაადგება ქვეყნის ეკონომიკას, პოზიტიურ დინამიკას შეიტანს ლარის კურსში და მართლაც, რეალურად დადებითად აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე.

ნაცვლად ამისა, კვლავ დაუღალავად გრძელდება დაწყებული კამპანია ეროვნული ბანკის, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და წარმატებული ინსტიტუტის წინააღმდეგ, შეგახსენებთ, რომ ჯერ იყო ზეწოლა და იძულება ეროვნულ ბანკს დაეხარჯა საერთაშორისო რეზერვები, რომელიც მოგვცემდა რამდენიმე თვიან ეფექტს და მივიღებდით საბოლოოდ სავალალო შედეგს. შემდეგ, სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები, თითქოს ეროვნული ბანკი სპეციალურად ზრდის ფულის მასას კურსის გასაუფასურებლად და ბოლოს, კომერციული ბანკების დადანაშაულება გაურკვეველ სპეკულაციებში და რომ ადგილი ჰქონდა შეთქმულების თეორიებს. რა თქმა უნდა, როგორც კი ამ საკითხზე დისკუსია იწყება ღია და დახურულ ფორმატში, ეს ბრალდებები საპნის ბუშტივით ქრება და უპასუხოდ რჩება ეროვნული ბანკის კონტრარგუმენტები“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძის განმარტებით: „რომ არა ეროვნული ბანკის პრინციპული პოზიცია ყველა ამ მოთხოვნასთან მიმართებაში, დღეს ჩვენი მოქალაქეების ზარალი გაცილებით დიდი და ქვეყნისთვის მიყენებული ზიანი მძიმე და შეუქცევადი იქნებოდა. ეს არ არის ჩემი შეფასება, ამას ადასტურებს უკლებლივ ყველა პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს შეცდომები უკვე დავუშვით 90-იან წლებში და მის გამეორებას ვეღარ დავუშვებთ ვერანაირ ფასად.

დღევანდელ ბრიფინგზე, გიორგი ქადაგიძემ მიმართა მთავრობას, რაც შეიძლება სწრაფად მოაწეროს ხელი სავალუტო ფონდთან განზრახვათა ხელშეკრულებას: „მივმართავთ მთავრობას, რაც შეიძლება სწრაფად მოაწეროს ხელი განზრახულობათა ხელშეკრულებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, სადაც დაფიქსირებულია ჩარჩო ეკონომიკური პარამეტრები და გადავიდეთ კონკრეტულ ქმედებებზე, რაც უნდა გახდეს დადებითი ტენდენციების წინაპირობა.

ახლა საჭიროა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა, რომელზეც ეროვნული ბანკი 8 თვეა საუბრობს. ახლა არ გვაქვს გადაბრალების და კუდიანებზე ნადირობის დრო.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეწყვიტონ ეროვნულ ბანკზე ზეწოლა და თავდასხმები. ეს ნეგატიურად აისახება ქვეყნის მიმართ, ნდობაზე, ინვესტორების განწყობაზე, დონორებისა და პარტნიორების სურვილზე გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოსთან. ასეთი უპასუხისმგებლო ქმედებები, საბოლოო ჯამში, ისევ ჩვენს მოქალაქეებზე აისახება ნეგატიურად“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

დღევანდელ ბრიფინგზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მედიის შეკითხვებს უპასუხა.

გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სავალუტო ფონდთან მიმართებაში მსგავსი ტიპის განცხადებები აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. “ფონდმა უკვე უპასუხა ამ ბრალდებას, გარდა იმისა, რომ მსგავსი განცხადებები თავისთავად, ძალიან არასერიოზულია, ის ასევე ძალიან საზიანოა ქვეყნისათვის, საუბარია ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულ პარტნიორზე, რომელთან თანამშრომლობაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ
.

სხვა სიახლეები