გიორგი ქადაგიძის ბრიფინგი

გიორგი ქადაგიძის ბრიფინგი

12 აგვისტო, 2015
დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მედიას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 6 პროცენტამდე გაზარდა. ბრიფინგზე გიორგი ქადაგიძემ ვრცლად ისაუბრა კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ და მიმოიხილა ეკონომიკაში არსებული ტენდენციები.

„მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდის შესახებ - 6 პროცენტამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება არის ჩვენი რეაგირება გაზრდილ ინფლაციურ მოლოდინებზე და იმ საშინაო თუ საგარეო რისკებზე, რომელიც მოქმედებს ეკონომიკაში“, - განუცხადა გიორგი ქადაგიძემ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა: „ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე არსებული შოკი მიღებულ გაუფასურებაში არის ასახული. მარტივად რომ ვთქვათ, ის მილიარდ დოლარიანი სავალუტო შემოდინებების დანაკლისი, რომელიც ჩვენ მივიღეთ უკვე ასახულია მოხმარების შემცირებაში და შესაბამისად, იმპორტის შემცირებაში. ივლისში იმპორტი ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით შემცირებულია დაახლოებით 21 პროცენტით, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ განსაკუთრებულ მერყეობას კურსზე არ ველოდებით.  მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც  გავლენას ახდენს კურსზე, არის უარყოფითი მოლოდინები, რომელიც დღეს  საზოგადოებაშია. კონკრეტულად კი ის ფაქტი, რომ ბაზრის მონაწილეებს აქვთ ძალიან გაზრდილი მოლოდინი შემოდგომაზე კურსის გაუფასურებასთან  დაკავშირებით, შესაბამისად, კომპანიებისა და ბაზრის სხვამონაწილეების მიერ ხდება დოლარის მარაგების დაგროვება დღეს, რაც იწვევს დამატებით ზეწოლას კურსზე. მეორეს მხრივ, ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა თანაბარ პირობებში, შემოდგომაზე ზეწოლა უნდა იყოს ნაკლები ვინაიდან კომპანიებმა უკვე დაიწყეს უცხოური ვალუტის ნაშთების დაგროვება დღეს.

რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ კურსზე ზეწოლა შემოდგომაზე იყოს ნაკლები. ეს არის რიგი კომპლექსური ღონისძიებები, მაგრამ  ჩამოვთვლი რამდენიმეს, ჩვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანს:

პირველ რიგში,  მთავრობამ არა მხოლოდ უნდა უზრუნველყოს თანაბარი ხარჯვა, არამედ საჯაროდ, ღიად დააფიქსიროს მზაობა იმის შესახებ, რომ თუკი იქნება დამატებითი ზეწოლა კურსზე გაუფასურების მიმართულებით შემოდგომაზე, იგი მზად არის, კიდევ უფრო შეამციროს ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯები.

მეორე, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ძალიან კონკრეტული გეგმა, გაწერილი თარიღებით, იმ დამატებითი შემოსავლების შესახებ, რომელსაც ის ელოდება როგორც რეაგირებას იმ შოკზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ. საუბარია როგორც საპრივატიზაციო შემოსავლებზე, ასევე სხვა ინვესტიციებსა და სავალუტო შემოდინებებზე რომელსაც მთავრობა გეგმავს.

მესამე, უკვე რამდენიმე თვეა გვიანდება სავალუტო ფონდის პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულება, რაც უაღრესად უარყოფითი სიგნალია ინვესტორებისთვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანიადასრულდეს სავალუტო ფონდის მიმოხილვა, რომელშიც დეტალურად გაიწერება ის მაკროეკონომიკური ინდიკატორები, რომელზეც აიგება როგორც ფისკალური, ასევე  მონეტარული  პოლიტიკა.

მეოთხე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უპირობოდ მხარს უჭერს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ რეზერვების გამოყენება იქნებოდა გაფლანგვა და ექნებოდა ძალიან უარყოფითი ეფექტი ჩვენი მოქალაქეებისათვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, არ წყდება კამპანია და შეტევა ეროვნული ბანკის მონეტარულ ინსტრუმენტებზე, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასა და ჩვენს მიერ განხორციელებულ პოლიტიკაზე. უკვე ტრადიციად იქცა მთავრობის სხვადასხვა წევრების და კოალიციის ლიდერების ყოვლად უარგუმენტო და ხშირ შემთხვევაში კომიკური ბრალდებები.  ჩვენ, რა თქმა უნდა, არც წარსულში და არც მომავალში არ ვაპირებთ ამ პროცესში ჩართვას, ვიზიარებთ რა იმ პასუხისმგებლობას რაც გვაკისრია. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის ძალიან ცუდი და მავნებელი ჩვენი ეკონომიკისთვის. ამ ყოვლად უარგუმენტო ბრალდებების ფასს თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარი ჯიბიდან იხდის. ახლა არ არის ბრალდებების დრო, ახლა დროა 24 საათიანი მუშაობის. ახლა არის დრო, კონკრეტული შედეგების დადების,  რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენს სოციალურად შეჭირვებულ საზოგადოებას შეუმცირებს ტვირთს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

გიორგი ქადაგიძემ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდგომ გამართავს ბრიფინგს, რომელზეც მიმოიხილავს ეკონომიკაში არსებულ მიმდინარე ტენდენციებს. „მთავრობასთან და სავალუტო ფონდთან შეთანხმებული პროგრამის თანახმად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ყოველი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომ გავმართოთ ბრიფინგი, სადაც მიმოვიხილავთ ეკონომიკაში არსებულ მიმდინარე ტენდენციებს და დღეს არის ერთ-ერთი პირველი ბრიფინგი“.

შეხვედრის დასასრულს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.

სხვა სიახლეები