დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ლარის კურსის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა და კურსის არსებულ დინამიკასთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტება გააკეთა.
"პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ, განსხვავებით 2015 წლისგან, დღეს არ დგას საგადამხდელო დისბალანსის პრობლემა, რაც ნიშნავს იმას, იმპორტის შემცირება უკვე ასახულია კურსის 2.4-იანი ნიშნულის კორიდორში და გარკვეულწილად დაბალანსდა ქვეყანაში შემოსული და გასული ფულადი ნაკადების დონე.
გაუფასურების მიზეზი ასევე არ არის ფულადი აგრეგატები, ვინაიდან ეკონომიკაში არსებული ფულადი მასის ზრდა ნულს უტოლდება.
დღეს არსებული გაუფასურება არის ბაზრის მონაწილეთა უარყოფითი მოლოდინების შედეგი, რომელიც მეზობელ ქვეყნებში შექმნილი მდგომარეობითაა განპირობებული.
ამდენად, გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, უახლოეს მომავალში მოსალოდნელია ლარის კურსის დასტაბილურება.
იმ შემთხვევაში, თუკი კვლავ გაგრძელდება უარყოფითი დინამიკა, ეროვნული ბანკი არ გამორიცხავს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მთავრობის მზაობა, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს ფისკალური კონსოლიდაცია.
თუმცა, როდესაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე ვსაუბრობთ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამას თავისი კონკრეტული ფასი ექნება და უარყოფითად აისახება ეკონომიკის ზრდასა და უმუშევრობის დონეზე.
არაერთხელ გვითქვამს, რომ პროცესის ფუნდამენტურად გაჯანსაღების გასაღები იქნება გაზრდილი ინვესტიციები, ფულადი გზავნილები და შემოსავლები ტურიზმიდან - სწორედ ამ გამოსავლის, პრობლემების გადაჭრის გზებზე მსჯელობისათვის აუცილებელია ისეთი მნიშვნელოვანი ტრიბუნა, როგორიცაა საქართველოს პარლამენტი", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
გიორგი ქადაგიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.