გიორგი ქადაგიძე პროკრედიტ ბანკში ელექტრონული ხელმოწერის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

გიორგი ქადაგიძე პროკრედიტ ბანკში ელექტრონული ხელმოწერის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო

15 ივლისი, 2015
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსურ სექტორს, გასულ წელს, კიდევ ერთი ინოვაციური პროექტი - ელექტრონული ხელმოწერის დანერგვა შესთავაზა. თავდაპირველად პროექტში პროკრედიტ ბანკი ჩაერთო და საკუთარ კლიენტებს დასაწყისისთვის სამი სახის მომსახურებაზე გადარიცხვის დამადასტურებელი ქაღალდის დოკუმენტებისა და ხანგრძლივი პროცედურების ნაცვლად, ელექტრონული ხელმოწერა შესთავაზა.

როგორ მუშაობს ელექტრონული ხელმოწერის სისტემა საქართველოში, რამდენად გაამართლა საბანკო მომსახურების გაწევის ახალმა ფორმამ და როგორ ხდება მისი განვითარება. დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისს ეწვია და ადგილზე გაეცნო ელექტრონული ხელმოწერის პროექტის მიმდინარეობას.

პროკრედიტ ბანკი პირველი კომერციული ბანკია საქართველოში, რომელიც ეროვნული ბანკის ამ ინიციატივას საწყისი ეტაპიდანვე შეუერთდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აღნიშნული პროექტის განვითარებაში. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, პროკრედიტ ბანკის ყველა ფილიალი სრულად გადავიდა ელექტრონული ხელმოწერის სერვისზე. ამ თანამედროვე სისტემის დანერგვით ბანკმა, უნიკალური შესაძლებლობა მისცა თავის კლიენტებს გარკვეულ საბანკო ოპერაციებზე ხელმოწერა არა ქაღალდზე, არამედ ელექტრონულად განახორციელონ. დღესდღეობით ხელმოწერა შესაძლებელია ყველა საბანკო ოპერაციაზე, გარდა საკრედიტო ხელშეკრულებისა.

„ელექტორნული ხელმოწერის სრულად დანერგვის შემდეგ ჩვენ საოპერაციო დონეზე მთლიანად გავაუქმებთ ქაღალდის ოპერაციებს, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ქვითრებს, ყველაფერს, რაც იწვევდა რიგებს. პირველ რიგში, ეს არის უფრო კომფორტული მომსახურება კლიენტებისთვის, გაცილებით უფრო მცირე დრო დასჭირდება საბანკო ოპერაციის შესრულებას და შესაბამისად შეამცირებს რიგებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ 75%–ით ეს ამცირებს ბანკის ტრანზაქციის ხარჯს, რაც არის კიდევ ერთი წინგადაგდმული ნაბიჯი საპროცენტო განაკვეთების კიდევ უფრო შემცირებისკენ. ამიტომ, ეს არა მარტო თანამედროვე ტექნოლოგია და ხვალინდელი დღეა, არამედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხარჯების და საპროცენტო განაკვეთების შემცირებისთვის. პროკრედიტ ბანკი პირველი შეუერთდა ეროვნული ბანკის ინიციატივას და იყენებს თანამედროვე სერვისს თავის ყველა ფილიალსა და ცენტრალურ ოფისში. ელექტრონული ხელმოწერის სისტემაზე გადასვლისთვის აქტიურად ემზადებიან: თიბისი ბანკი, ლიბერთი ბანკი და ბანკი რესპუბლიკა. მთელი ეს პროცედურა სრულ შესაბამისობაშია ევროდირექტივასთან. არის ზედმიწევნით დაცული, უსაფრთხო და ვფიქრობ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინოვაციაა. განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ ერთ წელიწადში ყველა ბანკისთვის სავალდებულო გახდეს აღნიშნული დაცვის ელექტრონული ხელმოწერის პრაქტიკაში გამოყენება, თუ მანამდე ისინი თვითონ არ დანერგავენ მას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

მნიშვნელოვანი სიახლეა, ის რომ ეროვნული ბანკის ინიციატივით ამოქმედდა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პორტალი - www.esds.com.ge, რომელიც განკუთვნილია საფინანსო სექტორში შექმნილ ნებისმიერ ელექტრონულ დოკუმენტზე წვდომისთვის და იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, დოკუმენტბრუნვის სტანდარტიზაცია განხორციელდეს ისე, რომ გარანტირებული იყოს დოკუმენტზე წვდომის დაცულობა და სანდოობა. უახლოეს მომავალში იგეგმება ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება დისტანციური საბანკო ოპერაციებისთვის, რაც სრულად ჩაანაცვლებს ქაღალდზე ოპერაციების შესრულებას.

სხვა სიახლეები