გიორგი ქადაგიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვილჰელმ მოლტერერს შეხვდა

გიორგი ქადაგიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვილჰელმ მოლტერერს შეხვდა

13 ივნისი, 2014
შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვილჰელმ მოლტერერს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება გააცნო. მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ქართული ფინანსური სექტორის მდგომარეობის შესახებ. საუბარი შეეხო საინვესტიციო გარემოს და ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ რეფორმებს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობაზეც გამახვილდა ყურადღება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ განხორციელდება.

ევროპული საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ვილჰელმ მოლტერერი საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთან ერთად ეწვია, საქართველო-ევროკავშირის საერთაშორისო ინვესტორთა კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოახლოებული ხელმოწერის ფონზე. კონფერენციის ფარგლებში ევროპის საინვესტიცო ბანკსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა 80 მილიონი ევროს ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტს.

ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის არამომგებიანი საკრედიტო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან კრედიტებს განვითარების სხვადასხვა პროექტებისთვის როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი შედგება საინვესტიციო ბანკისა და საინვესტიციო ფონდისგან, რომელიც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებს ფინანსური სახსრებითა და გარანტიებით.

სხვა სიახლეები