გიორგი ქადაგიძემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
08 სექტემბერი, 2015
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციის - "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" მუშაობაში. პანელზე „ეკონომიკური და ენერგო სტრატეგია“, გიორგი ქადაგიძემ ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„15 წლის წინ საქართველო ჩვეულებრივი პოსტსაბჭოთა, არშემდგარი კორუმპირებული ქვეყანა იყო, დღეის მდგომარეობით კი, უზარმაზარი პროგრესი აჩვენა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ამბიციები, რომ სულ მცირე რეგიონში, მაგრამ ასევე გლობალური მასშტაბით ვიყოთ ნაკლებად კორუმპირებული, დაბალი გადასახადების მქონე და ბიზნესისთვის მეგობრულად განწყობილი ქვეყანა. მაგრამ ყველაზე მეტად გვჭირდება გარკვეული გარღვევა დასაქმების სფეროში, რაც მნიშვნელოვანია. რაც გაკეთდა, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ გავარკვიოთ, სად ვართ ამ ეტაპზე. ამისთვის აუცილებელია, შევხედოთ გლობალურ სურათს. გლობალური სურათი კი შემდეგია, გასული საუკუნის განმავლობაში ბევრი განვითარებული ქვეყანა ვითარდებოდა შემდეგნაირად - იწყებდა როგორც სასოფლო-სამეურნეო ქვეყანა, შემდეგ გადადიოდა წარმოებაზე, ამის მერე კი ყალიბდებოდა სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკად. ახლა ყველა განვითარებული ქვეყანა უმეტესწილად ორიენტირებულია სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე. როგორია საქართველოს მაგალითი? საქართველომ დაიწყო როგორც სასოფლო-სამეურნეო ქვეყანამ, ჩვენ არ გვქონდა საკმარისი დრო, რომ ურბანიზაციის პროცესი გაგვევლო და მთლიანად ვერ მივედით ვერც ერთ ინდუსტრიულ წარმოებაზე და ახლა ვცდილობთ, რომ ავაშენოთ სერვისზე დაფუძნებული ეკონომიკა. მოკლედ რომ ვთქვათ, ვცდილობთ დაბალი, ნაკლებად ეფექტური, ნაკლებად პროდუქტიული სოფლის მეურნეობის სექტორი გადავაქციოთ მაღალშემოსავლიან სერვისზე დაფუძნებულ ეკონომიკის ნაწილად. მაგრამ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანი არის მხოლოდ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ბაზრის მოძებნა, მაშინ ჩვენ არ გვექნება დიდი არჩევანი. რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ უნდა შევეცადოთ მოვახდინოთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილება“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განათლების სფეროში მეტი ინვესტიციის ჩადების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელი იქნება თანამედროვე სამყაროში კონკურენციის გაწევა.
„21-ე საუკუნეში ერთადერთი რესურსი არის განათლებული და თავისუფალი სამუშაო ძალა - ადამიანი. რომ დავუბრუნდეთ იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ, მინდა მარტივი ჭეშმარიტება გავიმეორო - თუ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია არ განხორციელდება განათლების სფეროში, თუ არ შევეცდებით და არ ავამაღლებთ ჩვენი მუშა ხელის კვალიფიკაციას, თუ არ წავალთ ეკონომიკის პოლიტიკის შეცვლისკენ, ძალიან ძნელი იქნება თანამედროვე სამყაროში კონკურენციის გაწევა. ჩვენ უნდა გავხდეთ კონკურენტუნარიანები როგორც ქვეყანა. 21-ე საუკუნის გლობალიზებულ სამყაროში ან ხარ დიდი გლობალიზებული, დიდი თანამედროვე საზოგადოების წევრი, ან ხარ სადღაც სხვაგან“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კონფერენციაზე გიორგი ქადაგიძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისეთი პატარა ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, გაცვლითი კურსის ხელოვნურად გამყარება თითქმის შეუძლებელია.
„საქართველოს ეკონომიკა ძალიან დოლარიზებულია. მოსახლეობის 60 პროცენტს სესხები უცხოურ ვალუტაში აქვთ, ხოლო შემოსავალი ადგილობრივ ვალუტაში. გაუფასურებას სესხის ტვირთის ზრდა და ყველაფერს სოციალური პრობლემები დაერთო. რეალობაში, ერთადერთი გრძელვადიანი გადაწყვეტილება ქვეყანაში კვლავ შემოსავლის ნაკადების დაბრუნება იქნება. ისეთი პატარა ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა, თითქმის შეუძლებელია ხელოვნურად გაცვლითი კურსის გამყარება. ეს ვერ შეძლეს რესურსებით მდიდარმა ისეთმა ქვეყნებმა როგორიც აზერბაიჯანი და ყაზახეთია. თუ დავიწყებთ ამას, ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზრის წესების საწინააღმდეგოდ მივდივართ და ამის გაკეთება ნამდვილად შეუძლებელია“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 7-8 სექტემბერს, თბილისში, მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის(EPRC) მასპინძლობით გაიმართა, მიზნად ისახავს საქართველოსა და პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკისა და უსაფრთხოების სფეროს ლიდერების შეკრებასა და ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის განხილვას.