განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში გავიდა

განახლებული 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში გავიდა

01 სექტემბერი, 2017
1 სექტემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გავიდა და მიმოქცევაში იქნება ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად.

დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა მედიის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში მიიწვია და  განახლებული 5 ლარის ბანკნოტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა: წინა მხარეს - ავერსზე გამოსახულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით. ბანკნოტის უკანა მხარეს - რევერსზე გამოსახულია ნიკო ფიროსმანის ტილოები - "მეთევზე წითელ პერანგში" და "კალო". ასევე, საქართველოს სახელმწიფო გერბი.

5 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის. ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.


  

შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1 თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1 ნოემბრიდან.

რაც შეეხება განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს ის მოგვიანებით განახლდება.

განახლებული ბანკნოტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ სპეციალურ ვებგვერდს - www.ganakhlebulilari.ge    

სხვა სიახლეები