ბაზელის საბანკო ზედამხედველობის კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო საზედამხედველო მიდგომების შესამუშავებლად კიდევ ერთხელ მიიწვია
11 მაისი, 2016
საქართველოს ეროვნული ბანკი, ბაზელის საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის ფარგლებში, ბაზელის ძირითადი კომიტეტის ზედამხედველობის დანერგვის ჯგუფში (Supervision and Implementation Group) მუშაობას აგრძელებს. აღნიშნული ჯგუფი საერთაშორისო საზედამხედველო პოლიტიკაში მოწინავე მიდგომების დანერგვაზე მუშაობს, ხოლო მის მიერ შემუშავებული პრინციპები საერთაშორისო სტანდარტს წარმოადგენს.
ამ ჯგუფში საქართველოს ეროვნული ბანკი, მოწინავე საზედამხედველო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან ერთად, აქტივების ხარისხის პრუდენციული ნორმების განსაზღვრის მიზნით საერთაშორისო პრინციპების განვითარებაზე 2014 წლიდან მუშაობს. წელს კი, ეროვნული ბანკი სტრეს-ტესტების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა, რომლის პირველი შეხვედრაც ნიუ-იორკში, 21 ივნისს გაიმართება, და რომელშიც მონაწილებას მიიღებენ ევროპის ცენტრალური ბანკის, აშშ-ს, კანადის, ავსტრალიის, იაპონიისა და სხვა განვითარებული ქვეყნების საზედამხედველო ინსტიტუტების წარმომადგენლები. საქართველოს ეროვნულ ბანკს სპეციალიზირებული ჯგუფებისა და საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის ფინანსური რისკებისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის განყოფილების უფროსი დავით უტიაშვილი წარმოადგენს.
"საერთაშორისო სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივი და შესაძლებლობაა. ეს არის საკმაოდ ღირებული პრაქტიკული საზედამხედველო ცოდნის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რაც მხოლოდ საჯაროდ გამოქვეყნებული მასალების გაცნობით ხშირად არ არის შესაძლებელი. ასევე, ვეცდებით კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი ინოვაციური მიდგომებიც, რომელიც 2014 წლის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის (FSAP) მიხედვით განვითარებული ქვეყნებისთვისაც სამაგალითოდ შეფასდა", - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ.