ახალგაზრდული ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე

ახალგაზრდული ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე

04 დეკემბერი, 2017
საქართველოს ეროვნული ბანკისა და "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" ერთობლივი პროექტი
 
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო"-მ, ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, გორის სასწავლო უნივერსიტეტში, ფინანსური განათლების თემაზე ახალგაზრდული "ინოვაციების ბანაკს"  უმასპინძლეს.
 
ღონისძიება ჩატარდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის  -  "სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში" ფარგლებში, ხუთი კომერციული ბანკისა  - თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ფინკა ბანკი, ვითიბი ბანკი, ლიბერთი ბანკი - და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის ჩართულობით. პროექტში მონაწილეობა მიიღო 15-დან 18 წლამდე ასაკის 120-ზე მეტმა ახალგაზრდამ გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებიდან, ზუგდიდიდან და თბილისიდან.
 
ინოვაციების ბანაკი ფინანსური განათლების თემაზე - ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12-საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები თავს იყრიან ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის სფეროში არსებული ბიზნეს და საგანმანათლებლო გამოწვევის გარშემო, და ცდილობენ ეფექტური, ინოვაციური მეთოდებით გადაჭრან პრობლემები.
 
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში მათ ჰქონდათ წვდომა საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე. ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ საჭირო ინფორმაცია და ინტენსიური კონსულტაციები საბანკო-საფინანსო სექტორიდან მოწვეული გამოცდილი ექსპერტებისგან. გარდა ამისა, მათ იმსჯელეს ფინანსური განათლების მნიშვნელობისა და სარგებლიანობის შესახებ.
 
პროექტის მიხედვით, თითოეულ ჯგუფს, ევალებოდა პრეზენტაციის და ბიზნეს გეგმის წარდგენა, რის საფუძველზეც ჟიურიმ, რომელიც შედგებოდა ეროვნული ბანკის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდისა (SBFIC) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცის წარმომადგენლებისგან, გამოავლინა გამარჯვებული.

გამარჯვებულებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და ასევე, ღონისძიების ყველა მონაწილემ მიიღო 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი "ინოვაციების ბანაკში" მონაწილეობისათვის.
 
"ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მოხარული ვარ, რომ შევუერთდით "ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" ამ მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტის განხორციელებაში. "ინოვაციების ბანაკის" მიზანია მოახდინოს ახალგაზრდების ინტერესის პროვოცირება ფინანსური და სამეწარმეო განათლების მიმართულებით და დაეხმაროს მათ ამ კუთხით არსებული პრობლემების გუნდურად გადაჭრაში. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, კიდევ არაერთხელ განვახორციელებთ "ინოვაციების ბანაკს", ამჯერად, საქართველოს სხვა რეგიონებში", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.   
 
"სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპაში" 3-წლიანი პროექტია, რომელსაც მხარს უჭერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და რომელიც JA Worldwide-ისა და JA ევროპის ხელმძღვანელობით, JA-ის ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით ოთხ სამიზნე ქვეყანაში (საქართველო, მაკედონია, მოლდოვა და სერბეთი), სამეწარმეო განათლების დანერგვის მიზნით ხორციელდება.
სხვა სიახლეები