არჩილ მესტვირიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების თემაზე ისაუბრა

არჩილ მესტვირიშვილმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების თემაზე ისაუბრა

29 იანვარი, 2019
"ვამკვიდრებთ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც ფინანსურმა ინსტიტუტებმა სესხი მხოლოდ გადახდისუნარიანობის შეფასების შედეგად უნდა გასცენ. მსესხებლის გადახდისუნარიანობის შემოწმების აუცილებლობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ევროდირექტივების მოთხოვნაა", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა "ტექნოპარკში" გამართულ ეკონომიკურ კონფერენციაზე "საქართველო და მსოფლიო 2019 წელს" განაცხადა.

ეკონომიკური კონფერენცია ავტორიტეტული ბრიტანული ჟურნალის, THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის "მსოფლიო 2019" - ის ეგიდით 29-30 იანვარს "ტექნოპარკში" იმართება. კონფერენციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  

კონფერენციის მონაწილეებს ვიცე-პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის მიერ საფინანსო სექტორში დანერგილი რეგულაციები გააცნო. არჩილ მესტვირიშვილმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების თემაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ მიზეზებზე, თუ რატომ გახდა საჭირო საფინანსო სექტორში რეგულირება და რა გავლენა ექნება მას ეკონომიკურ ზრდაზე.

"იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა აისახოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ის უნდა იყოს გრძელვადიანი და მდგრადი. ამისათვის კი, მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის გამართული, სტაბილური და ეფექტიანი ფუნქციონირება. საფინანსო სექტორის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რომ მსესხებელს საბანკო სექტორის მიმართ ჰქონდეს ნდობა, სხვა შემთხვევაში მხოლოდ რისკიანი მსესხებელი ისესხებს ფულს, მათი რაოდენობა შეზღუდული იქნება და ბანკების საკრედიტო რისკები და შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები იქნება მაღალი. ამიტომ, ბანკის ინტერესშია რომ მომხმარებელი თავს დაცულად გრძნობდეს ბანკთან ურთიერთობაში. რაც დადებითად აისახება როგორც საბანკო სექტორზე, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
სხვა სიახლეები