ანგარიშვალდებული საწარმოების სტატუსის გადახედვა
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) თანახმად, საქართველომ აიღო საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩოს ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაში მოყვანის ვალდებულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ერთიანი საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავება, რომელიც, ერთი მხრივ ემსახურება ემიტენტებისთვის გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის სტანდარტების დამკვირდებას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საბაზრო მანიპულაციის თავიდან აცილების მექანიზმებს. ამგვარი სტანდარტების დამკვიდრება უმნიშვნელოვანესია ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორთა ნდობის ასამაღლებლად, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება ბაზრის ლიკვიდურობაზე და მთლიანად კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.
საქართველოში კომპანიების უმრავლესობამ საჯარო კომპანიის (ანგარიშვალდებული საწარმოს) სტატუსი 90-იან წლებში განხორციელებული მასობრივი პრივატიზაციის გეგმის შედეგად მოიპოვა. დროთა განმავლობაში გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ კომპანიებში არ არსებობდა არც საჯაროობის შიდა მზაობა და არც იმის ცოდნა, თუ რა ვალდებულებებს იღებდა საჯაროდ ტრანსფორმირებული კომპანია როგორც რეგულატორის, ისე მისი აქციონერების წინაშე. მიმდინარე მდგომარეობით, ამ კომპანიების უმრავლესობა მათი ზომიდან, მმართველობის სტრუქტურიდან და შემოსავლიანობიდან გამომდინარე, ვერ აკმაყოფილებს ვერც ადგილობრივი და ვერც საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს; აღნიშნულიდან გამომდინარე, გარკვეულწილად, საფრთხე ექმნება ბაზრის გამჭვირვალობასა და სტაბილურობას და, შესაბამისად, მისი განვითარების პერსპექტივებს.
ეროვნულმა ბანკმა შეისწავლა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნების მაგალითები, რომლებმაც ანალოგიურად გაიარეს პრივატიზაციის პროცესი და სადაც კაპიტალის ბაზრის განვითარების გარკვეულ ეტაპზე შეხვდნენ მსგავს პრობლემებს. მაგალითების შესწავლის შემდეგ შემუშავდა არააქტიური, საზოგადოებრივი ინტერესის არმქონე საწარმოებისთვის ანგარიშვალდებულის სტატუსის მოხსნის გეგმა, რომლითაც შესაძლებელი იქნება კაპიტალის ბაზარზე აქტიური კომპანიების შენარჩუნება, მათზე სათანადო რეგულაციის გავრცელება და ბაზრის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
გეგმის მიხედვით, კომპანიები, რომლებიც ანგარიშვალდებული საწარმოები პრივატიზაციის შედეგად გახდნენ და რომლებიც დღეის მდგომარეობით საფონდო ბირჟაზე დაშვებულნი არ არიან, აღარ ჩაითვლებიან საჯარო კომპანიებად, გარდა იმ კომპანიებისა:
ასეთი მიდგომა ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას, ერთი მხრივ გაათავისუფლოს ზედმეტი საზედამხედველო მოთხოვნებისგან ის სუბიექტები, რომლებისთვისაც საჯარო სტატუსის შეძენა არ იყო საკუთარი არჩევანი და მეორე მხრივ, დარჩენილ და რეგულირების ქვეშ მყოფ კომპანიებზე განავრცოს ყველა ის საზედამხედველო მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტებით;
ეროვნული ბანკი მზად არის ამ საკითხთან დაკავშირებით განიხილოს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნულ რეფორმაში ანგარიშვალდებული საწარმოებისა და მათი აქციონერების ჩართულობა. გთხოვთ, პროექტთან დაკავშირებული მოსაზრებები და კომენტარები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოგვაწოდოთ მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: capitalmarket@nbg.gov.ge