ეროვნული ბანკის წვლილი COP26-ის ფარგლებში
საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ფარგლებში, 2020 წლის თებერვალში ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელს ფინანსური სისტემის "გამწვანებისთვის" (Network for Greening the Financial System, NGFS) შეუერთდა. NGFS ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. მის მიზანს გამოცდილების გაცვლა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ფინანსურ სექტორში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების რისკის მართვის განვითარებაში წვლილის შეტანა და მდგრად და დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლის მხარდასაჭერად ფინანსების მობილიზება წარმოადგენს. NGFS 2017 წლის დეკემბერში რვა ცენტრალური ბანკისა და ზედამხედველის მიერ შეიქმნა. მას შემდეგ ქსელის წევრთა რაოდენობა ხუთი კონტინენტის მასშტაბით გაიზარდა და ამჟამად, მას 100 ძირითადი და 16 დამკვირვებელი წევრი ჰყავს.
ეროვნული ბანკი, როგორც NGFS-ის წევრი, 2021 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP26) ფარგლებში ინდივიდუალურ წვლილს განსაზღვრავს, რომელიც NGFS-ის საერთო წვლილის (NGFS Glasgow Declaration) ნაწილია. ინდივიდუალური წვლილის დოკუმენტი იმ ძირითადი ქმედებების ჩამონათვალს წარმოადგენს, რომელთა განხორციელებასაც ეროვნული ბანკი გეგმავს, რათა NGFS-ის ანგარიშში - A Call for Action - წარმოდგენილი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.