გლობალური სავალუტო კოდექსი
სავალუტო ბაზრის გლობალური კოდექსი (FX Global Code) ანგარიშსწორების საერთაშორისო ბანკის (BIS) ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადდა/შემუშავდა. მის შექმნაზე რამდენიმე წელიწადი მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკები და სავალუტო ბაზრის მსხვილი კომერციული მონაწილეები მუშაობდნენ.
აღნიშნული კოდექსი აწესებს საერთაშორისო მასშტაბით სავალუტო ბაზარზე ერთიანი წესებსა და ქცევის პრინციპებს. მისი მიზანია ბაზარი გახადოს უფრო გამჭვირვალე, ფინანსური ბაზრის მონაწილეებს შორის დაამყაროს სამართლიანი ქცევის ნორმები, ფინანსური ინსტიტუტების შიგნით განსაზღვროს ის მინიმალური მოთხოვნები ორგანიზაციული სტრუქტურის მიმართ, რომელიც უზრუნველყოფს მათ საქმიანობას საუკეთესო სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალურად აღიარებს სავალუტო ბაზრის გლობალური კოდექსის პრინციპებს და ამ მიზნით აქვეყნებს შესაბამის განცხადებას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ სასარგებლო ბმულებში.
აღნიშნული განცხადების ხელმოწერამდე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დეტალურად განიხილა შიდა წესები და პროცედურები, იმისთვის რომ დაედგინა კოდექსის მოთხოვნებთან მისი საქმიანობის შესაბამისობა. მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, შიდა პროცედურების რევიზია განხორციელდა საერთაშორისო მხარდაჭერით - "Axiom Global Advisors" - ის ექსპერტების დახმარებით. შემოწმების დეტალური მიგნებები შეგიძლიათ იხილოთ სასარგებლო ბმულებში .