ბიზნესის უწყვეტობა
ფინანსური სექტორის ბიზნესის უწყვეტობის ძლიერი და ეფექტური გეგმის შემუშავება მრავალი ქვეყნის ცენტრალური ბანკების, ფინანსური სექტორის ზედამხედველის, ფინანსური ინსტიტუტებისა და ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ოპერატორების საერთო ინტერესს წარმოადგენს.
რა არის ბიზნესის უწყვეტობა?
საგადახდო სისტემის ბიზნესის უწყვეტობის ღონისძიებების მიზანია მომსახურების შეთანხმებული დონის უზრუნველყოფა სისტემის ერთი ან მეტი კომპონენტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც.
აღნიშნულის მისაღწევად, გადახდებთან და ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ყველა იმ პროცესებიდან, რომლებსაც მართავს და უზრუნველყოფს სისტემის ოპერატორი, უნდა განისაზღვროს ძირითადი ბიზნეს პროცესები და უნდა განხორციელდეს იმ პოტენციური საფრთხეების იდენტიფიცირება და შეფასება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ამ ბიზნეს პროცესების წყვეტა ან შეფერხება. მნიშვნელოვანია საფრთხეების კრიტიკულობის მიხედვით კლასიფიცირება და რისკის სამართავად შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა.
ბიზნესის უწყვეტობის მიზნები უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული. სწორად განსაზღვრულმა საქმიანობის აღდგენის გეგმამ უნდა უზრუნველყოს საგადახდო სისტემის ყველა კრიტიკული ფუნქციის აღდგენა და განახლება წინასწარ განსაზღვრულ დროში იმავე ანგარიშსწორების დღის განმავლობაში.
რატომ არის მნიშვნელოვანი საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა?
საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემების ინფრასტრუქტურის უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა უდიდეს გავლენას ახდენს ფინანსური სისტემის და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობაზე.
საგადახდო და ფასიანი ქაღალდების სისტემების ოპერირების შეწყვეტის ან მათი დღიური აქტივობების ვერ შესრულების შემთხვევაში, სერიოზული შეფერხება მოხდება საფინანსო სისტემასა და ქვეყნის ეკონომიკაში. RTGS სისტემის ფუნქციონირების გარეშე, ძალიან რთული იქნება უსაფრთხო გარემოში ფასიანი ქაღალდებით გარიგებების ანგარიშსწორების განხორციელება. CSD-ს შეფერხებამ შესაძლოა გამოიწვიოს RTGS სისტემის ფუნქციონირების შეფერხებაც, რადგან, საჭიროების შემთხვევაში, CSD-ს საშუალებით ფასიანი ქაღალდების დაგირავების გზით ხდება ლიკვიდობის მიწოდება RTGS სისტემისთვის.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემები მუშაობდნენ ყოველგვარი მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი შეფერხების გარეშე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ქმედებები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ბიზნესის უწყვეტობის გეგმა, რომელიც ფარავს ეროვნული ბანკის კრიტიკულ სერვისებს და მათთან დაკავშირებულ სისტემებს და მიზნად ისახავს ეროვნული ბანკის მზაობას იმ არასტანდარტულ სიტუაციებზე რეაგირებისთვის, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას კრიტიკული სერვისების მიწოდებას.
ბიზნესის უწყვეტობის გეგმა მოიცავს კონკრეტულ სცენარებს და პროცედურებს, გაუთვალისწინებელი სიტუაციების დროს ქმედებისთვის. ეს დოკუმენტაცია, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს საგანგებო სიტუაციების დროს საგადახდო სისტემის ფუნქციონირების აღდგენისთვის ქმედებების გეგმას. ძირითადი ყურადღება გამახვილებულია სარეზერვო ალტერნატიული (backup) რესურსების საშუალებით საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობაზე, რომელიც გვთავაზობს იგივე ეფექტურობას, წარმადობას და ფუნქციონალს.
შიდა და გარე საფრთხეების შედეგად გამოწვეული ბიზნეს პროცესების (კერძოდ, ანგარიშსწორების) შეწყვეტის, არასრულყოფილად ან ხარვეზებით წარმართვის რისკის თავიდან აცილების მიზნით ეროვნული ბანკი პერიოდულად ახორციელებს ბიზნესის უწყვეტობის გეგმის ტესტირებას და განახლებას. ბანკი იყენებს სხვადასხვა მატერიალურ, ტექნიკურ და ადამიანურ რესურსს და ითვალისწინებს პირდაპირი და ალტერნატიული რესურსების მუდმივ მზაობას, რათა მაქსიმალურად იქნას მიღწეული ბანკის კრიტიკული სერვისების უწყვეტობა. ასევე, აორგანიზებს სისტემის მონაწილეებისთვის ბიზნეს უწყვეტობის ტესტირებას წელიწადში ორჯერ სხვადასხვა სცენარების გამოყენებით.