საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2024 წელი, პირველი კვარტალი)
საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშვებული მეთოდოლოგიის "საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქცია", შესაბამისად.
2024 წლის პირველ კვარტალში მიმინარე ანგარიშის დეფიციტმა 351.2 მლნ აშშ დოლარი (938.2 მლნ ლარი) შეადგინა. მიმდინარე ანგარიშის ფორმირებაში საქონლით ვაჭრობისა და შემოსავლების ანგარიშებს უარყოფითი წვლილი შეაქვს, ხოლო მომსახურებით ვაჭრობასა და მიმდინარე ტრანსფერებს - დადებითი. 2024 წლის პირველ კვარტალში, მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდო წლიურად 5.5 პროცენტით, ხოლო მშპ-სთან ფარდობა -5.8 პროცენტიდან -5.0 პროცენტამდე შემცირდა.
მიმდინარე ანგარიშის ყველაზე დიდი კომპონენტი, პირველ კარტალში, კვლავ საქონლით ვაჭრობა იყო, რომლის უარყოფითი სალდო წლიურად 8.4 პროცენტით გაიზარდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარი (4.1 მლრდ ლარი) შეადგინა. ამავდროულად, საქონლის ექსპორტი წლიურად 9.8 პროცენტით, ხოლო იმპორტი 2.1 პროცენტით შემცირდა.
მოგზაურთა მომსახურების ექსპორტი 2024 წლის პირველ კვარტალში 807.7 მლნ აშშ დოლარს (2.2 მლრდ ლარი) გაუტოლდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 1.5 პროცენტით მეტია.
2024 წლის პირველ კვარტალში წმინდა შემოსავლის ანგარიში -377.5 მლნ აშშ დოლარი (-1.0 მლრდ ლარი) იყო. დადებითი წმინდა შრომის ანაზღაურება 3.6 პროცენტით, ხოლო უარყოფითი წმინდა საინვესტიციო შემოსავალი 6.7 პროცენტით გაიზარდა.
მიმდინარე ანგარიშის ტრადიციულად დადებითი კომპონენტია მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 18.4 პროცენტით გაიზარდა და 2024 წლის პირველ კვარტალში 925.5 მლნ აშშ დოლარს (2.5 მლრდ ლარი) გაუტოლდა. ამ პერიოდში კერძო სექტორის წმინდა ტრანსფერები 18.3 პროცენტით გაიზარდა 860.9 მლნ აშშ დოლარამდე (2.3 მლრდ ლარი).
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, პირველ კვარტალში 71.8 მლნ აშშ დოლარი (191.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 1.0 პროცენტია.
წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.