ეროვნულმა ბანკმა სს "პეივ ბანკ ჯორჯიას" საბანკო საქმიანობის რეალურ გარემოში განხორციელების უფლება მიანიჭა

ეროვნულმა ბანკმა სს "პეივ ბანკ ჯორჯიას" საბანკო საქმიანობის რეალურ გარემოში განხორციელების უფლება მიანიჭა

15 დეკემბერი, 2023

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიზენცირების პრინციპების გათვალისწინებით, სს "პეივ ბანკ ჯორჯიას" საბანკო საქმიანობის რეალურ გარემოში განხორციელების უფლება მიანიჭა.

სებ-ის 2024 წლის 12 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობებით, ციფრულ ბანკს უფლება აქვს რეალურ გარემოში განახორციელოს "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბანკო საქმიანობები ან/და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.

სს "პეივ ბანკ ჯორჯიას" ბიზნეს მიმართულება ციფრულ ბანკად ფუნქციონირებაა, რომელიც აპირებს ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას. ბანკი მიზნად ისახავს მოემსახუროს ტექნოლოგიურად განვითარებულ კომპანიებს.

საქართველოში ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას, ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას, მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას, ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლასა და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, აპლიკანტის ბიზნეს მოდელისა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების შემდგომ, საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის ბანკს შესაბამისი ვადა განესაზღვრება.

სს "პეივ ბანკ ჯორჯიას" დამფუძნებლებად გვევლინებიან ფინანსურ სექტორში ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი სართაშორისო გამოცდილების მქონე აქციონერები. სხვადასხვა დროს ისინი მუშაობდნენ ისეთ კომპანიებსა და ორგანიზაციებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, Monzo ბანკი, HSBC, Carta Worldwide, ფინტექ კომპანია Big Pay, BT Group და სხვა. 

გარდა ამისა, მათ საქმიანი ურთიერთობა აკავშირებთ ისეთ მსხვილ და ცნობილ ფონდებთან, როგორებიცაა Quona Capital, FT Partners, BR Capital, w3.Fund და სხვა ენჯელ ინვესტორები.

აღნიშნული ფაქტი დადებითი ფაქტორია ბანკისთვის და მთლიანად ქართული საფინანსო სექტორისათვის. 

სს "პეივ ბანკ ჯორჯია" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან ( 15.12.2023) 7 თვის მანძილზე სატესტო რეჟიმში მუშაობდა და რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობის განხორციელება შეზღუდული ქონდა.

სს "პეივ ბანკ ჯორჯიასთვის" საბანკო საქმიანობების რეალურ რეჟიმში განხორციელების უფლებამოსილების წერილობითი მითითებით განსაზღვრული პირობების ცვლილება ხდება ეტაპობრივად, შესრულებული სალიცენზიო მოთხოვნებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე.

თითოეული ეტაპის ვადები და ნებადართული საქმიანობების ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

განახლებული - 16.07.2024

სხვა სიახლეები