მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ფულად - საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას შეიმუშავებს და ამ პოლიტიკის გასატარებლად საჭირო ღონისძიებების განიხილავს. კომიტეტის გადაწყვეტილება, რეკომენდაციის სახით მიეწოდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. კომიტეტი 14 წევრისაგან შედგება. მის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სამი ვიცე-პრეზიდენტი, შესაბამისი დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი წინასწარ ცნობილი კალენდრის შესაბამისად (განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა) კვარტალში ორჯერ იკრიბება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ იღებს გადაწყვეტილებას. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი აგრეთვე ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის შესახებ იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ. კერძოდ, ღია ბაზრის და სხვა ფულად - საკრედიტო და სავალუტო ოპერაციები, საკუთარი ფასიანი ქაღალდების ემისია და მიმოქცევა, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშება და დაცვის წესების განსაზღვრა; ეროვნული ბანკის სასესხო, სადეპოზიტო და სხვა ფულად - საკრედიტო ოპერაციებზე (გარდა ბოლო ინსტანციის სესხისა) საპროცენტო განაკვეთების დადგენა; მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრა; ფულად–საკრედიტო, სავალუტო და მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენება.
მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება, მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთის ცვლილების ან უცვლელად დატოვების შემთხვევაში, იმავე დღეს ქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს - "ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები" - ყოველწლიურად წარუდგენს პარლამენტს. ამ დოკუმენტში წარმოდგენილია მომავალი სამი წლისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე და მის მისაღწევად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.