მონეტარული პოლიტიკა

     

    "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამ მიზნის მისაღწევად საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს. კონსტიტუციით მინიჭებული უფლების საფუძველზე (მუხლი 68) და "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"  ორგანული კანონის მიხედვით (მუხლი 4) ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უფლებამოსილია მონეტარული პოლიტიკა დამოუკიდებლად წარმართოს. 

     

    ფასების სტაბილურობა ინფლაციის დაბალ და ზომიერ დონეზე შენარჩუნებას გულისხმობს. განვითარების არსებულ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკისათვის ოპტიმალურია ინფლაციის  3%-იანი დონე. 

     

    მონეტარული პოლიტიკის განხორციელება ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს ეყრდნობა. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი ფასების სტაბილურობის მისაღწევად  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაა.  ამ რეჟიმის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს წინასწარ აქვს განსაზღვრული ინფლაციის თარგეთი (მიზნობრივი მაჩვენებელი)-3% და მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს იმგვარად, რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მასთან ახლოს იყოს.

     

    ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის პირობებში, მონეტარული პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია (რეფინანსირების განაკვეთი). მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საპროცენტო განაკვეთის, საკრედიტო, მოლოდინებისა და გაცვლითი კურსის არხით აისახება ეკონომიკაზე. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე გადაწყვეტილება ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობის ანალიზსა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებს ეყრდნობა.

     

    ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები განსაზღვრულია "ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში", რომელიც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ ყოველწლიურად მუშავდება და საქართველოს პარლამენტის მიერ მტკიცდება.

    %
    %
    22.11.24